ტარას შევჩენკოს
ტარას შევჩენკოს ავტორი: გიორგი ლეონიძე |
წარმოთქმული პოეტის საფლავზე კანევში,
1939 წ. ივნისში.
შოთას ქვეყნიდან გემთხვევით...
შენს ხალხს, შენს სახელს ― დიდება!
სიმღერით შემოგეხვევით,
ძმობის მზე გაგვიბრწყინდება!
პოეტო ― პრომეთეოსო,
შენს სასტიკ დროს რომ ემდური,
ცხოვრებამ გასვა ძირმწარე,
ძმარი ბალღამში შერთული!
ვერ შემოგძარცვეს ნათელი,
დღესაც იმ სხივით ეგზნები,
სისხლხორცეულად ხალხს დააქვს
შენი ნაცრემლი ლექსები! ―
სიცოცხლის ცეცხლის დამბერი,
სამშობლოს გამათბობელი...
კობზარი შევარდენია,
სიკვდილის გამაპობელი!
მას ზრდიდა ხალხი მშობელი,
ხმები დნეპრისა მქუხარე,
და უკრაინა გმირული,
ლექსით რომ დაამშუქარე!
თუ შენი ჩანგი კვნესოდა,
სისხლი სდიოდა ღვარული,
კავკასის კვნესაც გესმოდა,
ჩვენი ბორკილის ჟღარუნიც.
შოთას ქვეყნიდან გემთხვევით,
გეხვევა ჩვენი დავითიც;
დღეს მისი ლექსიც გაბრწყინდა,
ცრემლებით ნამარგალიტი!
შენ აკაკისთვის
სამშობლოს
ტრფიალი გადაგილოცავს;
პოეტო ― პრომეთეოსო,
მუხლს გიყრის საქართველოცა!..