უცნაური სასახლე
Appearance
უცნაური სასახლე ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ამნაირი დარებით,
კიდით კიდე დარებით,
ფერის ფერთან დარებით,
დღემ კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.
ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული.
ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა
ის, რაც ალერსადაა?
ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს:
დასთა უცხოთ დასობას,
თვალთა ქროლვით დასობას,
ხანჯლის გულში დასობას.
მარმარილომ და თასმა,
შადრევანმა ათასმა,
ლაჟვარდები ათასმა.
აჩონჩხილო შენობა,
მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!