Jump to content

ფანასკერტელს

From Wikisource
ფანასკერტელს
ავტორი: გიორგი ლეონიძე


                   . . . მშვიდობით ძველო ქართულო ენავ და
                   მშვიდობით სრულიად საქართველოს მდგომარეობაო!
                                                    ფანასკერტელი


― მაშ გაჰქრა ქართლი, მისი ენაცა,
პირქვე დაემხო წმინდა ტაძარი?
გული დიდ სევდას ამოენაცრა,
― მშვიდობით, გახდი მტრის ნატაცარი!

სხვა რაღა იყოს მწარე ამაზე,
რა შეედრება ასეთ ღაღადისს ? ―
შენს დედა ენას, მის სილამაზეს
გამოეთხოვო, უთხრა: ნახვამდის!

და მერე დადგე გაქვავებული,
უიმედობის დიდი იმედით,
რომ აღარ მოვა ქართლს გაზაფხული,
რომ სამუდამოდ გავიყინებით!

შენ დადიოდი შენს სამშობლოში
როგორც მწირი და ოხერმოხეტე,
ღამით მე შენი გმინვა მსმენია,
ხმა ნამწარევი: ”ღმერთო, მოხედე!”

შენი აჩრდილი მომჩვენებია
ქარში, წვიმაში თმადაბურდული;
შენ გამიმწარე ყრმობის ყველა დღე,
შენ გულს მითხრიდი გესლით ქურდულით.

და ახლა, როცა ჩემს ხალხს, ჩენს ენას,
სიკვდილის ჭანგი ვეღარ ემტეროს, ―
როგორც განვლილი გრძელი სიზმარი,
შენ მაგონდები, ფანასკერტელო!

და შენ, მიწაში გამტვერებულო,
ჰა, სიტყვა გულის გასათაფლავი:
არა, ქართლს, არა!
― შენ ფიქრს გასთხრია
სამარადისო, მკვიდრი საფლავი!

რესურსები ინტერნეტში

[edit]