Jump to content

ქართული ორნამენტი

From Wikisource
ქართული ორნამენტი
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობიერია ზმანება,
ეს მზე-ჩუქურთმა, ეს სწორი
ხაზების ახმოვანება!

ღვრის იისფერი დღე ლბილი
ოცნებას ცისფერ რამეზე:
ნანგრევზე არის გაშლილი
დიდება და სილამაზე.

ველური, მოუნათვლელი
ქვის ცივი, რუხი გაგება,
ადვილად არის სათლელი
და თბილად - დაქანდაკება.

ქვა - განა ქვაა? ეს რთული
ნიშნები, ჩემთვის ნათელი -
გაცოცხლებული ქვის გული
ჟღერს, როგორც კორიანტელი.

ქვა, მოწყვეტილი აქ კლდეებს,
ქვა კი არ არის - სიმია.
გარდასულ საუკუნეებს
ეტყვი: ეს თქვენი ღიმია.

აქ ბევრი სისხლი დაღვარეს,
მებრძოლი, ბევრჯერ მინახავს,
ჩუქურთმის ნატეხს საყვარელს -
ომის დროს უბით ინახავს.