Jump to content

შემოდგომა (გიორგი ლეონიძე)

From Wikisource
შემოდგომა
ავტორი: გიორგი ლეონიძე


რა მწუხარეა და რა ოცნებით
ოქროს ფოთლები მტვერში რეული...
ეს შემოდგომა თვისი ძონძებით,
წვიმა-ტალახში შემოთრეული.

აბურდულია წვიმის ფაფარი
და ყველა სკამი ბაღში სველია,
თითქოს არ არი არსად საფარი
და აღარც ვინმე მოსასვლელია...

ძველს როიალზე უცნობი ქალი
ეთამაშება მოწყენით გამმებს...
გასცოცხლებია ოცნება მქრქალი,
წყლულებს გაუჩენს, თან დაუამებს!

ჰქუხს როიალი... ნუთუ იპოვა?
ალბათ, რომ ვინმე მოსასვლელია.
მას ელოდება, მაგრამ ვინ მოვა? ―
ეჰ, ყველა სკამი ბაღში სველია!

ეს შემოდგომა შემოთრეული
რა მწუხარე და რა შიშველია...
მზე იბჟუტება რქამომტვრეული,
სარკმლიდან მოსწვიმს...
                     სულიც სველია...

რესურსები ინტერნეტში

[edit]