Jump to content

შორაპნის ამაღლებისა და ჯვარცმის ხატი - 1686 წ. თეიმურაზ ჩხეიძის

From Wikisource
ქართული სიძველეები





ქართული სიძველეები



შორაპნის ამაღლებისა და ჯვარცმის ხატი







შესავალი

[edit]

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ამაღლებისა და ჯვარცმის ხატი (საინვ. N 3025) (ო. სოსელიასთან ხატის საინვენტარო ნომერია N 3085), რომელიც მუზეუმში შესულია ზესტაფონიდან 1926 წელს.

ხატის აღწერა

[edit]

ხატი ამაღლებისა და ჯვარცმისა (საინვ. N 3025): ზომა 30 x 39,5 სმ; ვერცხლით მოჭედილი, მოოქროული, შემკულია დიდი და პატარა თვლებით, მარგალიტის მძივებით, წინა პირზე აქვს ორი ცარიელი სანაწილე სახურავით; წმიდათა გამოსახულებებს აქვს შესატყვისი ასომთავრული წარწერა. ხატს ემჩნევა გადაკეთება. აკად გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს, რომ ეს იყო ფირფიტა, რომელიც უფრო გვიან შეავსეს და გამოიყენეს, როგორც ხატი. შემოსულია 1926 წელს ზესტაფონიდან. ხატის წინაპირს, სადაც ჯვარცმა და ამაღლებაა წარმოდგენილი, აკად. გ. ჩუბინაშვილი მე-11 საუკუნეს აკუთვნებს.

წარწერა შორაპნის ამაღლებისა და ჯვარცმის ხატზე

[edit]

ხატის ზურგზე, სადაც ჯვარცმაა გამოსახული, გრძელი მხედრული წარწერაა:

წარწერის ტექსტი

[edit]

ქ: ბძანებითა ღმრთისათა, ძალითა და შეწევნითა ხატისა ამაღლებისათა, მე ჩხეიძემ ბოქაულთუხუცესმა ბატონმა თაიმურაზ, ჟამთა გამოცულილობით ძველთაგან ჩუენის სახლის დანაკარგი შორაპნის ციხე და ქალაქი, მეფის ბაგრატის ბრძანებით ძალად ჩემის ხრმლით დავიჭირე:

რადგან ჩემმა მოწყალემ ამდენი ხელი მომიმართა, ვიგულე და ვიგულისმოდგინეთ ჩუენ, ფრიად ცოდვილმა და ყოველთა კაცთა უცოდვილესმა, მე, თაიმურაზ და თანამეცხედრემა ჩემმა ჩხეიძის ასულმა ბატონმა თამარ: ძველთაგან თათართა მიერ დალეწილი ხატი ესე ამაღლებისა შევამკევით მურასთ თვალითა და მარგალიტითა ჩვენად სადღეგრძელოდ, ძეთა და ასულთა ჩვენთა აღსაზრდელათ და ცოდვათა ჩვენთა საოხად დღესა მას საშინელს განკითხვისას ჩემისას, ამინ. ქორონოკონს ტოდ [1686].

დათარიღება

[edit]

ხატის წარწერა მტკიცედ არის დათარიღებული 1686 წლით და ასეა გაზიარებული ყველა გამოცემაში, მაგრამ რადგან მასში მოხსენიებული ბაგრატ მეფე, რომლის ბრძანებითაც თეიმურაზს შორაპანი აუღია, 1681 წ. გარდაიცვალა, გამოდის, რომ ან თეიმურაზმა შორაპნის აღებიდან კარგა ხნის შემდეგ შეამკო ხატი და ან თარიღია არასწორედ მითითებული.

ლიტერატურა

[edit]