Jump to content

ძველი დაირა

From Wikisource
ძველი დაირა
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ნაღამურია.
მთვარემ გასცურა,
უკრავს დაირა გადაქანცული;
ტაშის ძგერაზე მუხამბაზურად
ხმას ააყოლებს ნაზი ქალწული.
ჩამდგარა წრეში, როგორც ჯერანი,
გულს მეწვეთება მისი გალობა,
რა ერთად ჟღერენ: ცრემლნი, ძგერანი,
ოხვრა, გულისთხრა, მტეხიარობა.
ხმა მიფერფლილი, ფარული ღელვა,
ბედნიერების ბედი, იმედი;
ნაწნავთ ღამეში საყურის ელვა,
მუდარა: ახ, თუ გამიღიმებდი!
― მე შენთვის ღამე
გავასისხამე,
შენთვის ვყინავდი ცრემლების ბროლსა!
მე ვხედავ ბინდში მიბნედილ თვალებს,
დამწვარ გულიდან ადენილ ბოლსა.
რამდენი თრთოლა ახსოვს მუხამბაზს,
რამდენი გულის გადაბრუნება,
რამდენჯერ გული შანთით უხაზავს,
დაუდაღია მისი ბუნება.
ეს ხმა კი არა, იყო სახმილი,
და ზედ ათასი ება ისარი, ―
გაფიცხებული ვნების ძახილი,
ნანამქერალი, ნამაისარი...
ახლა კი მღერის ძლივს, ხმაწასული,
მთვარეში დამწვართ ოხვრის დამსკვნელად,
როგორც ქალწული დროგადასული
უკანასკნელად, უკანასკნელად...
შეტირებული, ბედის მჩივარი,
ძველი ხმა გულზე მომებოლება.
შაბაშს იძლევა ძველი ჩინარი,
მიაბეს მხარი მისმა ტოლებმაც...
სიმღერის ალზე, ბაღის ყურეში
მათი ფოთლები შეიტკეცება...
ხმა ხმაურობდა საუკუნეში,
ეხლა დაღლილი ჩვენს წინ ეცემა.
როგორც ფარვანა სანთელს შეხლილი,
როგორც ფრინველი ფრთაშეტეხილი...
მაინც მღერიან და აწვალებენ
და მიტომ ჩემთვის სატანჯურია,
როცა ყურს ვუგდებ მუხამბაზს დაღლილს,
როდესაც გულზე არ მრჩება დაღი,
როცა თავისს დროს აცალცალებენ
და მისი ცრემლი აღარ მწყურია...
თუ ძველ ყვავილებს მოალპობს ჟამი,
ძველ სიმღერებსაც ჰქონიათ ბედი.
თუ ხმას დაეცა სიბერის შხამი,
ვეღარც აანთებს გულის აბედი.
და ვერც ნამკვდრევმა ჰანგმა ასახოს
და ააჟღეროს ჩვენი ოცნება;
ახალ დღეს,
ახალ ვარდს
და გაზაფხულს
ახალი ხმები გაეკოცნება...

რესურსები ინტერნეტში

[edit]