Jump to content

ძველი ქართული წარწერები

From Wikisource
ძველი ქართული წარწერები
ავტორი: გიორგი ლეონიძე


წარწერა თასზე

მთას იქით ჩასჭკნა ყვავილი
ნაქროლი ნიავქარისა;
ჩუქურთმა გამოყვანილი
ვიყავი მინანქარისა.

ახალგაზრდობა სად გაჰქრა
და სიჭაბუკე მთვარისა?
თასი ვარ მარიამისა,
მოხუცებულის, მცხრალისა...

ტაძარზე

მთაზე ვაშენე ტაძარი,
ნაშენი არა იყო რა;
შემეწეოდა ერთგულად
საწყალი ხარი ნიკორა, ―
აღმართებსა და კლდეებზე
ქვისა და ხე-ტყის მთრეველი;
შენ დაუმკვიდრე ნიკორას,
უფალო, სასუფეველი!

რაინდის ეპიტაფია

მიყვარდა სმა და ნადიმი,
ამხანაგები რჩეული,
თეთრი მიმინო მიყვარდა,
ჩემს ცერზე შემოჩვეული.

ვიცოდი მიჯნურისათვის
ცრემლთაღვრა, გაჭრა, ხელობა,
რაზმის გაპობა სეტყვასებრ,
ყაბახზე ცხენფიცხელობა;

მომსხლა სიკვდილის ნამგალმა,
საფლავს მქნა ჩამონაყარი,
დავტოვე ცოლი ლამაზი,
ცხენი და კოშკი მაღალი...

ცხენი უკუღმა აჰკაზმეთ,
ცოლმა დაიჭრას კავები,
ხმალი ხელთ დამაჭერინეთ
დამიწებული მკლავებით,
დაფას დაჰკარით მიმღერეთ,
სთქვით შოთას ტკბილი ტაეპი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]