წიგნი „ქართლის ცხოვრება“
Appearance
წიგნი „ქართლის ცხოვრება“ ავტორი: გიორგი ლეონიძე |
გაშალე... ყველა ფურცელი
არის ფოლადის ნაცარი,
დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,
დევკაცთა ნამამაცარი.
გაშალე... ყველა ფურცელი
გულზე ნაწოლი ლოდია...
დოლბანდიანი ჯარები
სიკვდილის პირით მოდიან.
შავი დროშებით ნისლივით
სამშობლოს დაეფინება,
ხმალს სისხლის ორთქლი აუვა,
სიკვდილით დაიკბინება...
საფლავად გაემზადება
ციხე-გალავნის თხრილები, ―
ქალი და ბავშვი აწყვია
კოშკიდან გადმოყრილები.
ისმის ტყვეების ჟღივილი,
კვამლში ბღავიან ხარები...
ქერქებგახდილი ხეები...
დამწვარი ნასახლარები...
და რაც თმას ყალყზე აყენებს,
რაც მწარედ გვემახსოვრება, ―
ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს
უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!