Jump to content

(შენა გფერობს სპარსთა ქება მაღალიო...)

From Wikisource
შენა გფერობს სპარსთა ქება მაღალიო
ავტორი: სოლომონ რაზმაძე
1832-მდე


შენა გფერობს სპარსთა ქება მაღალიო,
მე ვით გავბედავ შესხმის თქმას, კაცი სოფლელიო,
შენ გაგვიზარდე ირაკლი მტერთა გამჟლეტიო,
მზეებრ ქართლსა მოეფინა მისი მშობელიო,
ცეცხლებრ მოედო ირგვლივ მტერთ, მოყვეთა მცველიო,
თავის სისხლითა შეღება მთა, გორა, ველიო,
მტერნი განსდევნა სამზღვარით, ვით ლომმან მელნიო,
ლეკებს შეასვა სამსალა გულისა მწველიო,
მისი ხმის სმენით დნებოდნენ ვით მზისგან თოვლიო,
აწცა ოსმალთ აჩნევიათ მისის ხმლის პირიო,
აღმოსავლეთშია გრგვინავს მისი სახელიო,
იგი ქებას გარდაევლო თია მთას მერცხალიო.