...გევედრები და ვრეკთ კარსა მოწყალებისა თქვენისასა, მოიწყინეთ ჭრტინვა ჩუენი და სიგლახაკე და უქონებლობა ...[18]... ქურივად და ობლად დასხმულნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიწყალენით, განშიშულებულნი სიმართლით შემოსენით, გამოიყვანეთ უპატიოებისაგან მწარისა, ვითარცა იტყუის წინაისწარმეტყულისა პირითა უფალი საბაოთ, ღმერთი წმიდაი ისრაილისაი: "რომელმან გამოიყვანოს პატიოსანი უპატიოებისაგან ვითარცა პირი ჩემი იყოს". რომელთა პირველი არის თავი სჯულისა და ეკლესიათაი მცხეთაი. და უკეთუ თავსა, ჯერეთცა ნედლსა, ესრეთ იყოს ხელ-ფერხ-თით-მწუერვალებამან, რაიმცაღა ინაყოფეს? კუალად იტყუის: "აღუთქუ და აღუსრულე უფალსა ყოველი აღნათქუემი"-ო, და "უმჯობეს არს არა აღთქუმაი, ვიდრე აღთქუმაი და არა აღსრულებაი"-ო.
სრულ-ყავთ წმიდაო და ქრისტე-მოსილო მეფეო ბრძანებული ესე, თქუენი სიტყუანი საქმით სრულ-ყვენი: მოაღებინეთ სიგლები და ნიშნები ყუელაი ყუელას, ვისთუისცა გიბოძებია.
არათუ ჩუენთუის რასამე და ჩუენისა შეძენისათუის ვიწყინებით, მაგრა საღმრთოდ წერილსა საღმრთოდვე ხამს ქონებაი და მიყენებაი, და თუით საყდართა ქონებაი დიდად უფრო თქუენი ქონებაია.
აწ, თუ ერთხელ საჭურჭლესა თქუენსა შინა შემოღებული, და ერთგზის თქუენთუის შემოძღუნებული, თუალთა და მარგალიტთა და ჭურჭელთა ოქროისა და ვერცხლისათა თანაი რაიმე მცირე, ანუ გინა დიდი საჭურჭლესა შინა თქუენსა მდებარე გამოიღოს ვინმე, ანუ თქუენვე შემოგწიროს, ანუ წარაგოს სადმე - ნიჭნიმცა მიანიჭენით? ანუ პატივნი და ქებანი აღუვარენით? არამცა უფროის რისხვეულ და პატიჟნეულ ჰყავით?
ღმრთისათუის შეწირულთა ადგილთა გაცემის ვაზირი - მაწუეველი, მაქნეველი და მნებებელი გაცემისაი, ვითამცა არა ღმრთისაგან რისხვეულ იქმნა?
ვინცა იკადრებს და გაქნევს, - ვითა კეთილსა მამოქმედებელსა, კეთილი ნიჭი მიენიჭების ღმრთისა მიერ; ეგრეთვე ბოროტისა მიზეზი - ბოროტსა მოისთულებს.
ვიცით, რომე მრავალნი კადრებენ ჟამისა ძნელბედობასა და საჭიროობასა; მაგრა ამისა უძნელბედესნიცა ყოფილან მაშინ ჟამნი, ოდეს დიდი კათოლიკე ეკლესიაი შენებულა, ჰასრე, რომე ჯაფარ ამირად ჯდომილა თფილისს და ქალაქი სპარსთა ჰქონებია. და თუით რაიმცა მიზეზი არავინ კადრა საყდართა ქუეყნისა ქონებისა და დარღუევისა მნებებელმან? "ყოველი დრკუდ მავალი მიზეზობად მზაა"-ო; მაგრა ნუ მისცემთ გზასა მეტყუელთა ესევითარისა მეტყუელებისათა!
სამოცდამეათხუთმეტენი შვილნი ხართ თქუენთა გუართანი და, რომელი მეფე თქუენოდენთა ჭირთა, ღუაწლთა და განსაცდელთაგან არა ხსნილა, ვითა ღმერთსა, თქუენსა მხსნელსა, თქუენ უხსნიხართ, და არცა რომელსა მეფესა თქუენგან უფრო ღმრთისა გზისა დაჭირვაჲ ჰმართებია. და ამ სამოცდაათხუთმეტთა თქუენთა გარდასრულთა მეფობასა შიგა უფროჲსი და უმრავლესი ჟამი ამისგან უძნელესი და უბოროტესი ყოფილა, ვითა "ქართლისა ცხოვრებაჲ" გამოაჩენს.
რომელსა დიდებულსა, ანუ აზნაურსა, ანუ დარბაზის ერსა, ანუ გლეხსა აქუს სიგელი თქუენთა გუართაგან ბოძებული - და თუ ვის აქუს, არავინ დაჰმალავს, - რად არავინ გამოაჩინა, რომე საყდართა სოფელი ვის ზედა გაცემულ-იყოს და ეწეროს, თუინიერ ამისსა, რომე თქუენ გაგიცემიან და გაგიბოძებიან სიგლითა?
ესეც იუწყოს წმიდამან მეფობამან თქუენმან აწ შეკრებულისა ამის კრებისაგან: წესი სახლისა და პალატისა თქუენისაჲ ესე ყოფილა: ვინცა ვინ დაკრულვილა, რაჲთაცა მიზეზითა და საქმითა, თქუენ მიერცა შერისხულა, მამული დასჭირვია და ლაშქართა შიგან არ შეშუებულა.
აწ, თუ ვის დავჰკრულავთ, გამოაჭენებს თქუენს დარბაზსა და თქუენთა ვაზირთა მოჰმართებს, ბრძანებასა და კაცსა უბოძებთ - ჯუარი დასწერეო, გაწყრომისა და ჰავად გაჴდის ნაცვლად.
ესე უწესოი წესი ნუღაროდეს იქნების, ნუცა დაგუემართების! ვისცა დავჰკრულვიდეთ, თქუენცა შეჰრისხევდით და ჴრმლითა თანა-უდეგით სჯულთა და წესთა სამღვდელოთა საღმრთოთა წერილთა მოძღურებისაებრ!
თუ თქუენსა მეფობასა შიგა არ შეჰკაზმავთ საყდართა და მონასტერთა და არ უბოძებთ ჴელთა მათთა საქონებელთა, ვინმცაღა დაუურვა, ანუ ვინმცაღა არა ჰკადრა თქუენთა სიგლებ-ნიშნებთა გატეხაჲ?
ცოდვაჲ ეგრე ბრალი და ცოდვაჲ არ არის, ვითა ცოდვისაჲ სახედ და იგავად დადებაჲ მომავალთა და ყოფადთა ჟამთა და კაცთათუის მისათხრობელ-მოსაჴსენებლად.
არღარავისგან გუაქუს პატივი, არცა სჯულსა და არცა ებისკოპოსთა. არცა მონაზონთა, არცა ხუცესთა, არცა მღდელთა, არცა მიჰრონსა, არცა ქორებისკოვსთა. ყუელაი ყუელასა უპატიოდ შეურაცხად, გინებით და ბასრობით ვჰყავთ.
რად დაჰჴსნით წესსა საქებელსა, რად უპატიო ჰყოფთ პატიოსნობასა და საკრძალვობასა ამის სახისა და საქმისასა? რომელი მეფე იქების უპატიო მყოფელი, შეურაცხად მაჴსენებელი ებისკოპოსთა და მონაზონთაჲ? თქუენ სიყრმითგან ღმრთივ-სწავლულნი ხართ და საღმრთონი წერილნი ზეპირათ უწყნით: რომელთა საქმეთა მოქმედი მეფე იქების, ანუ რომელთაჲ იყუედრების!
რანიცა პატივნი თქუენთა გუართაგან ზედსხმიან ებისკოპოსთა და მონაზონთა, მასვე თქუენგან ვიღირსებოდეთ. და თუ თქუენ უპატიოდ გუყავით, ვინმცა არა შეურაცხ-გუყვნა, ვინმცა არა გუაგინნა, ვინმცა არა უპატიოდ და ჰავად დაგუჴადნა?
თუით პირად და, ზედაით დაღმა ამას გუეუბნებიან მქონებელნი და მნებებელნი საყდართა და მონასტერთა საქონებელთა ქონებისანი: "პატრონი, არ დაგუადებინებს, და არცა წაგუიღებს, - რომელსა სიგლითა უბოძებია, და თქუენ არ დაგიდებთ და არცა გუემართლებით დადებინებასა, ქრთამსა მოგცემთო”. ამა საქმესა თქუენვე სწამლეთ და დასდევით ემბლასტროჲ საკურნებელი!
ნუცა ვინ ყალნობისა მიზეზს შემოიღებს: რაჲცა საყდართა საქონებელთა ყალანი ჰმართებს, მისნიცა მზღველნი ვართ და არას უკუ-ვადგებით და თქუენსა თქუენნი თქუენთაგან განაღამცა გმსახურებდით, ძალისაებრ და შეძლებისა ჩუენისა!
ესე ამის კრებისა, აწ შეკრებულისა ძალი ყოველთა შორის საცნაურ-ყავნ წმიდისა და თუითმპყრობელისა მეფეთ-მეფობისა თქუენისა წინაშე, რომელ, თუ ღმერთი გურისხავს და მიუდრეკელი და წმიდაჲ გონებაჲ თქუენი ცოდვათა ჩუენთა სიმრავლისაგან მიდრკების, და ესე რაჲცა გუიკადრებია და მოგუიჴსენებია, არ დაგუეურვების, ჩუენითა წესითა რაიცა დაგუიპირებია, მისნი მქმნელნი ვართ: არცაღა მიჰრონსა გავჰჴსნით, საქართველოჲსა ეკლესიათა დავჰბეჭდავთ, ხუცესთა დავაყენებთ წირვისა და ნათვლისა და სამკუდროთა ზიარებისაგან!
თუინიერ ამისისა ქნისა, სხუისა ღონისა ყოვლისაგან უღონო ვართ.
და ნუთუ ამისითა ქნითა, სხუა სჯულთა და სხუა საცოთაგან მეფობასა თქუენსა საწყინოი რაჲმე შემოუვიდეს, და სჯულიცა ჩუენი დაკნინდეს?
ეზომის კადნიერებისა და წყენა-კადრებისათუის, ვითა საშინელისა ღმრთისა საშინელებათაგან, ვძრწით და ვიშიშვით!
გარნა საღმრთონი სჯულნი მეფეთაცა ზედა მთავრობად ბრძანებულან და, სადა ღმერთი დაგუჭირდების, მუნ ყოველსავე შეურაცხ-ვჰყოფთ! და “მაუნებელი კაცთაჲ ქრისტესმცა მონა არ ვიყო"-ვო, - წმიდაჲ მოციქული პავლე ბრძანებს!
აწ აქა შეყრილნი და გაუყრელნი და მომლოდენი ამისისა დაურვებისანი, ყოველნივე აქა ვართ და ულოცავთ წმიდასა მეფეთ-მეფობასა თქუენსა.