Jump to content

1455 წ. - სასისხლო სიგელი გიორგი მეფისა ასათ ვაჩნაძისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირები:

  1. Hd-7588 - პირი გადაწერილია XIX საუკუნეში.
  2. როგორც ჩანს, არსებობდა მთავარარქივში კიდევ ერთი პირი, გადაწერილი XIX საუკუნის დასაწყისში სფირიდონ იაშვილის მიერ ლურჯ თაბახ ქაღალდზე ს. კაკაბაძე-გვ.40.

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატოვანმან და ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ მეფემან გიორგიმ და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან დედოფალთ დედოფალმან ნესტარჯან, ნებითა და შეწევნითა ღვთისათა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შაჰან-შაჰ და შაჰრვან-შაჰ, და ყოვლისა ჩრდილოეთისა, აღმოსავლით ვიდრე დასავლეთამდის თვით-ხელმწიფედ მტკიცედ მფლობელ-მპყრობელთასა.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენნი დიდად ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი და ჩუენისა მორჭმისა და ამოდ ყოფისათვის გაურჯელად ნამეტნავად ჭირნანახნი ვაჩნასძე მეღვინეთუხუცესი ჩუენსა თანა აღზრდილ-შეზრდილი ასათ და შვილნი მათნი შალვა და ძმისწულნი მისნი: სულა, იოანე და სიაოშ და ბიძასშვილი მისი დავით.

გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა მრავალთა ერდგულობა-ნამსახურთა მათთასა ძუელნი სიგელნი და მათ სულკურთხეულთა მამათა და პაპათა ჩუენთაგან ნაბოძვარნი სოფელნი, სასახლე და მამულნი სიგლითა ამით აწ ჩუენცა ახლათ გაგუეახლნეს და დაგუემტკიცნეს. და მერმე მათი და მათის სახლისკაცისა საბატიო სისხლი გაგუეჩინა.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და ადრიდგანნი ძუელნი და მათნი მკუიდრნი მამულნი და სოფლოანნი აწ ახლად მტკიცითა და უქცეველითა სიგლითა ჩუენცა გავუახლეთ და დანვუმტკიცეთ.

მივუბოძეთ ვეჯინს და ვეჯინის პირთა სოფელი კარდანეხი, კარდანუცი, ბაკურციხე, ჩალმოტი, კოლაგი, ვეჭა, კალაურნი, ალექსისშვილი და ევთვიმესშვილი, ვანასშვილი და ხუცისშვილი მათითა სამძღურითა, მთითა და ბარითა, წყლითა და წისქუილითა, ველითა, ვენახითა, ტყითა და სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, საყანითა, ჭურ-მარნითა, სასახლოთა და ეკლესიითა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა, სახმარითა და უხმარითა, და მისითა სამართლიანითა, ერთობ სრულად და უკლებლად და ყოვლის კაცის მოუდევრად და მოუსარჩლელად.

და არავინ იყოს მოცილე და მოსარჩლე თქუენი და არცავინ მეუნებლე-მავნებელი და დამაკლებელი, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისაგან კიდე.

და გაგიჩინეთ თქუენისა გუარისა კაცსა სისხლად რვაასი ათასი ძუელი კირმანეული თეთრი სანახშიროსა და საზაოსა გარეთ და სანახშიროთ და საზაოთ გაგიჩინეთ ორასი ათასი კირმანაული თეთრი.

ვინც უბრალოდ მოგკლას ანუ გიღალატოს, ანუ დაგკოდოს, ანუ სასახლესა დაგესხას, ანუ არგნითა და მჯიღითა გცეს, გინა ქალი დაგიგდოს. ანუ კბილი ჩაგაგდებინოს, გინა ცხვირ-პირი ჩაგილეწოს, ანუ ჯოგი და ცხვარი დაგიფორაქოს, გინა ისარი გესროლოს, ანუ მზირათ ჩაგიჯდეს, და რაგინდა რამე ვინ უკაცრავ-გიყოს, ანუ დიდმან და ანუ მცირემან, რარიგადაც დიდსა ბრჭობისა განაჩენსა შიგან სწერია, იმა წესითა ამა რვა ათასისა კირმანაულისა ანგარიშისა თეთრი დაგიურვოს.

ვინადგან მოკითხულიცა ვქენით და თქუენნი გვარნი ძუელთა მეფეთაგან დიდად პატივცემულნი იყვენით და მეფეთგან პატივსა და დიდებულობისა ძუელნი სიგელნიცა გქონდეს, აწ, ჩუენცა სიგლით ამით შეგიწყალეთ და გაგიჩინეთ თქუენის გვარისა სისხლი რვაასი ათასი კირმანაული, და საზაოდ და სანახშირედ ორასი ათასი კირმანაული.

ვინცა თქუენი გვარისა კაცი მოკლას, ესე რვაასი ათასი კირმანაული თეთრი დაგიურვოს და ორასი ათასი კირმანაული საზაოდ და სანახშიროდ მოგცეს.

და ამა თეთრისა საქმე ასე უწყოდეთ: ბერძენთა მეფეს კირ მანოელ ერქვა და მისეულად კირმანუელისეული ჰქვიან. არის წონითა ერთი თეთრი ერთი დრამისა წონა წმიდა ხალასი ვერცხლი.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან მკუიდრად და სამამულოდ სიგრძესა შინა ჟამთასა მტკიცე ესე და შეუცვალებელი, უთუო და უთუმცაო სიგელი ესე თქუენ, ჩუენდა დიდად ერთგულთა და თავდადებით ნამსახურთა და ჩუენსა თანა აღზრდილ-შეზრდილსა და ჩუენისა მორჭმისა და ამოდ ყოფისათვის გვარეულად ჭირნანახთა ვაჩნაძესა მეღვინეთუხუცესსა ასათსა, თქუენთა შვილთა შალვას და ძმისწულთა თქუენთა: სულასა, იოანეს და სიაოშს და ბიძასშვილსა თქუენსა დავითს, შვილსა და მომავალსა სახლისა თქუენისათა.

და გაგუიახლებია სიგელი და გუიბოძებია და დაგუიმკვიდრებია თქუენი მამული მკუიდრი სოფლები და მამულები: ვეჯინს და ვეჯინის პირთა სოფელი კარდანეხი, კარდანუცი, ბაკურციხე, ჩალმოტი, კოლაგი, ვეჭა, კალაურნი, ალექსისშვილი და ევთვიმისშვილი, ვანასშვილი და ხუცისშვილი ამათითა სამძღურითა, მთითა და ბარითა, წყლითა და წისქუილითა, ველითა, ვენახითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, სავენახითა, ჭურ-მარნითა, სასახლოთა და ეკლესიითა, შესავლითა და გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა, სახმარითა და უხმარითა და მისითა სამართლიანითა, ერთობ სრულად და უკლებად...

და თქუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოსნო და ყოველნო ეფისკოპოსნო და მღვდელთმოძღუარნო, უჯუარობით დაუმტკიცეთ ბრძანებული ესე ჩუენი.

დაიწერა მტკიცე სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა , ქორონიკონსა რმგ, ოკტონბერს , ხელითა წირქვალელისაძისა რატისათა.


[1820 წელს] დედნის ნამდვილობას ამტკიცებენ:

საბუთის პუბლიკაციები

[edit]