Jump to content

1516-1550 წწ. - სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხა

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი დაკარგულია

XIX საუკუნეში საბუთის ორი პირი უპოვია დ. ბაქრაძეს: 1. საჩხერეში, თავად ნესტორ წერეთლის ოჯახში შეტანილი ყოფილა 1822 წელს გადაწერილ რომელიღაც საეკლესიო წიგნში; 2. თბილისში, 1816 წელს გადაწერილი ვახუშტის ისტორიის დანართად. საბუთის უფრო ადრინდელი XVIII საუკუნის ნუსხა თ. ჟორდანიას უნახავს ელისაბრდ ზაალის ასულ თუმანოვას ხელნაწერებში, რომელიც მან გამოსცა 1897 წ. საბუთის კიდევ ერთი, თავნაკლული პირი ერთვის ანტონ I-ის XIX საუკუნეში გადაწერილ "მარტირიკას" - H-2854.

საბუთის ტექსტი

[edit]

1. მაწყუერელი გუირგუინ-ბისონიანი არს. ამისი სამწყსო: ყვიბის-კორტანეთს შუა რომ წყარო ჰსდის, იმას ზეით ხეობა და სადგერი, სულ აწყუერი, დიასამიძის სახლი, და ახალციხე და ახალციხის წყლის გაღმართი გურიის წასადგომამდი.

2. კუმურდოელის სამწყსო: ხერთვისს ზეით სულ ჯავახეთი, ხევეთამდინ.

3. იშხნელის სამწყსო: გურჯი-ბოღაზს აქეთ, სულა თორთომი, ტაოს ქვემოთი, არტანუჯის თავი, საკრულავი ჰქვიან, იმას აქეთი; გაღმით, ორჯოხის მთის აქეთი, სულა საკავკასიძო, ისპირი ტრაპიზონის მთის გარდამოღმა.

4. ანჩელის სამწყსო: სამსწყალს აქეთი, ხანძთას და ოპიზას შუა - დახატულა. იმას ქვემოთ ნიგალის ხევი, გაღმა და გამოღმართი - გონიოს სამზღვრამდი.

5. მტბევარის სამწყსო: დახატულას ზედათი, ანაკერტს აქეთი, სულა შავშეთი მიჭიხიანათ ბატონის უწმინდესის კათალიკოზის ყოფილა. იმ ქვეყნის ეპისკოპოზის იასაულიც ის ყოფილა. აჭარა დანდალოს ზეითი მას ჰქონებია, და დანდალოს ქვემოთი აჭარა ქუთათლის სამწყსო ყოფილა.

6. წურწყაბლის სამწყსო: ხურსიძის სახლი, სულა ბოცოთ ხევი, ხერთვისს ქვეითი მისია.

7. წყაროსთუელის სამწყსო: ზავეთი და იმას ზეით პალაკაციო კოლას სამზღურამდის, მტკუარს აქეთი არტაანი.

8. ერუშნელის სამწყსო: [ტოლოშს] ზეითი, სულ არტაანი კოლის სამზღურამდინ.

9. ვალაშკერტელის სამწყსო: ყაღზევანს ზეითი, ვალაშკერტს აქათ ხინუსი და დევაბონის აქეთი.

10. ანელის სამწყსო: სულა ზარიშტიანი და შირაკოანი და ბარასბერეთი.

11. კარელის სამწყსო: სულა კარი და კოლისა და ოლთისის სამზღუარს გარდმოღმა გაგჩევანი და კაღზევანი.

12. ბანელის სამწყსო: სულა ბანა, ტაოსკარი, ფანასკერტი, [პარხლის] ხეობა, სულა ოლთისი და ნამურაკანი.

13. დადაშნელის სამწყსო: სულა კოლა და ხორტევანი ყარასალზედ მოდგმამდის.

ამ ეპისკოპოსთა მაკურთხეველი და უფროსი ქართლის კათალიკოსი არის და იმის ხელთ არის ყოველივე.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთი უთარიღოა. ხელნაწერებში იგი მოთავსებულია სამცხე-საათაბაგოს თავადთა ნუსხის მომდევნოდ და შესაბამისად მიჩნეულია, რომ შედგენილია 1516 წის შემდგომ, მაგრამ XVI საუკუნის პირველ ნახევარში.

პუბლიკაცია

[edit]