Jump to content

1534-1566 წწ. - წყალობის წიგნი როსტომ გურიელისა იაშვილებისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

ქვემოთ მოყვანილი საბუთი დიმიტრი ბაქრაძეს 1873 წელს გურიაში ექსპედიციის დროს გადასცა რომელიღაც ადგილობრივმა მცხოვრებმა. სამწუხაროდ ამ სიგელის შემდგომი ბედი ჩვენთვის უცნობია. შემორჩენილი გვაქვს მხოლოს სიგელის დიმიტრი ბაქრაძისეული პუბლიკაცია.

საბუთის ტექსტი

[edit]
1894 - თ. ჟორდანია - "ქრონიკები" - გვ.43-49

1912 - სარგის კაკაბაძე - სჯულმდებელი ბაგრატ კურაპალატი - გვ,4-6

ღვთივ დამყარებულმან იესიან დავითიან სოლომონიან აღმოცენებულმან გურიელმან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრისა ჩვენისა ღვთივ გვირგვინოსანის ნეფისა ასულისა დედოფლისა ბატონიშვილისა ბატონის თინათინისა და ძისა ჩვენისა ბატონის გიორგისათანა..., ესე წყალობის წიგნი... შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ მზითეულს ერთგულს ყმას იაშვილს, მწიგნობარს, გალობლებს, მღვდელს ნასყიდას, ხოსიასა... გიბოძეთ იოთამ ფარხანიძის სოული სასახლე თორმეტი კვამლი კაცებითა და შინა მოსამსახურითა, მისის მარნითა, ჭურმამულითა, ტყითა, წყლითა, საყდრის კარითა, სასაფლაოიანათ, საყანითა, მისის უძებარ-საძებრითა.

ასე რომე, ისკურდას გადმოღმა, ჭინკაძის კარავს მოღმა, განძის ყვაურის თავს რომ წყალი ჩამოსჩქერის, იმას დაღმა და ბზვანის კიდესა, კეჭიეთის საზღვარს და თუვაის ციხეს გადმოღმა, სამების სათაყვენეს ამოღმა თქვენთვის გვიბოძებია, ნახევარი ბოხვაძის და ქობულიასი არის, მოგვიცემია ნადირიც რაც რამე მოკვდეს ამ ტყეში, ნახევარი თქვენ გერგებოდეს და ნახევარს ნურას დაიკლებთ. შენ იმისი ნახევარი არ გეყვის ამაშიდ და იმათ თქვენი ნამეტნავი არ ეყვის.

დღეს ასე გაგვირიგებია შეუშლელად. ამ ტყის ბაჟი რაც დიდი ბაჟი არის, ის საჩვენოთ იყოს და დიდს ბაჟს გარეთ ბაჟი რაც მოვიდეს... ნახევარი შაუცილებლად თქვენ გქონდეს. ტყის მცველი თქვენთვის მოგვიცემია. ყოლიფერ სარჩენშიდ მოგვიცემია. ტყის რუბი სახლისი წესი ნახევარი ტყის მცველი ჭარმაკაძე, გოგრაჭაძე ბოხვაძის და ქობულიის არ არის და ემგენიძე და გოლიათიძე თქვენი ტყის მცველი არიან. ესე გაგვირიგებია. თუ ამ ტყის მცველმა თქვენი ნების არ ქნან და არ გაამონ რა, თქვენი კაცი დააყენეთ.

წმინდა გიორგი გორის საყდარიც თქვენთვის მოგვიცემია და მისი შემავალი კაცებიც თქვენთვის მოგვიბარებია. სხვა მის დღეში გვარჩამომავლობით დიდი აზნაურშვილი ხართ და ვინც ძალა და უსამართლობა გიყოს და ან რაც ფერით საქმით უპატიურობა და უკადრისი საქმე რამე გკადროს, ჩვენც დიდათ მოგიკითხოთ და რაც დიდებულს დიდს აზნაურისშვილს სისხლი და საუპატიო გასჩენოდეს, თქვენც ისე დაგეურვებოდეს.

თუ ვინმემ საყდარი ან სახლი გაგიტეხოს, ჯერ ღ~თისა და ხატის შეცოდება დავსდვათ თავსა და რაც ღ~თი და ხატის კარის მყოფელის უნდოდეს, ის საქმე დაემართოს; თუ ვისმემ ღალატით და სიკვდილით დაგიმარცხოს, ანუ თუ ვინმემ ქალი გაგილახოს და თქვენც უკადრისი საქმე გიყოს, სამასი საღბავი ფლური, ერთი ჩაფხუნი საღარი ულაყი ეკითხებოდეს და რაც თქვენს სახლის კაცს ეკადრებოდეს, ის სისხლი დაგეურვებოდეს.

აწ, ამი მოღმა არც მოძმის სეული გეთხოვოს, არც სამქვრიო და არც მთასა ზღვასა შვა ბაჟი გეთხოვოს.

არის ამის მოწამე: ეპისკოპოსი ჯუმათელი ჩხეიძე სიმონ, სახლთუხუცესი კვერღელიძე გოგიბთეჯი, ერისთავი კობალაძე სეხნია, ქალაქთუხუცესი გოჯასპი მახაძე და გიორგი მახაძე, ბახუტა და სეხნია მეოქია, ამილახორი ბახსათარ ბოხვაძე, ლეონიში კორშოლაძე...

დამიწერია მე მდივანს ქარაზანისძეს დავითს

გურიელი როსტომ. დედოფალი თინათინ.


საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთი როსტომ გურიელის მმართველობს წლებით, ანუ 1534-1566 წლებით თარიღდება. ჩვენი აზრით, შესაძლებელია თარიღის უფრო დავიწროებაც: სიგელ როსტომ გურიელი აძლევს მის "მზითეულს" დიდ აზნაურიშვილს, ნასყიდა იაშვილს. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიგელი გაცემულია როსტომ გურიელის თინათინ ბატონიშვილზე მეორე ქორწინების ახლო ხანებში.

პუბლიკაცია

[edit]