2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.64-65
1. საბუთის გამცემთა შორის მოხსენიებული დავითი არის მეფე გიორგი X-ის ძე და ლუარსაბ II-ის ძმა. ოსმალთა მიერ სიმონ მეფის დატყვევების შემდეგ იგი სტამბულში მძევლად გაგზავნეს, რათა სულთანს გაეთავსუფლებინა სიმონი (ცხოვრება საქართველოჲსა (პარიზის ქრონიკა), 1980: გვ. 59; კაკაბაძე, 1926: გვ. 16). მას თან გააყოლეს ბანოვანი გულჩარა, რომელიც მისი და უნდა ყოფილიყო (სვანიძე, 1990: გვ. 266). დავითმა წლები გაატარა სტამბულში. იგი შეხვდა ოსმალთა დედაქალაქში მყოფ საფრანგეთისა და ვენეციის ელჩებს. საფრანგეთის ელჩი ბარონ დე სალინიაკი 1609 წლის 2 ნოემბერს წერდა, რომ "ეს ახალგაზრდა ვაჟი ჯერ კიდევ არაა 14 წლის, მაგრამ მეტად ჭკვიანი და კეთილი ბუნებისაა" (სვანიძე, 1990: გვ. 271). სხვა ცნობები დავითის შესახებ არ გვაქვს. მისი კვალი იკარგება (ალასანია, 1980: გვ. 59). როგორც ჩანს, იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
2. სოლაღაშვილები წარმოშობით მესხეთიდან არიან. სავარაუდოა, მათი გვარი თორელ-ჯავახიშვილებიდან მომდინარეობდეს. ისინი ქართლში უნდა გადმოსულიყვნენ XV საუკუნეში, სამცხე-საათაბაგოს იმ ფეოდალურ საგვარეულოებთან ერთად, რომელნიც საქართველოს 68 დაშლისას ცენტრალურ ხლისუფლებას უჭერდნენ მხარს და ჯაყელებს ეწინააღმდეგებოდნენ. მათი სათავადო ქვემო ქართლში მდებარეობდა. მამულებს ფლობდნენ ალგეთში, ვერეს ხევში, თბილისის განაპირა სოფლებში და სომხითში. სათავადოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე მამულები ჰქონდათ შიდა ქართლშიც (კავთისხევი), ასევე თბილისში, მთავარი ციხეები – კოჯორსა და ჭამპალაში, მოგვიანებით ბორბალოშიც. სასახლეები ჰქონდათ გუდელისსა და ტაგნაგეთში, საგვარეულო საძვალე კი კაბენის მონასტერი იყო. (ბოშიშვილი, 2012: გვ. 24). სამეფო კარზე ისინი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს ფლობდნენ. XVI საუკუნის მიწურულს სოლაღაშვილები ჩანან დედოფლის ეშიკაღასის (ცენტრალური მმართველობის საპოლიციო უწყების მოხელე) თანამდებობაზე (ხეც: Hd-2024, სეა: 1448-5072, ბოშიშვილი, 2012: გვ. 24). საფიქრებელია, რომ ზემომოყვანილ საბუთშიც ბეჟან და გიორგი სოლაღაშვილები დედოფლის მოხელეები არიან და სწორედ ამ ნიშნით იღებენ მისგან წყალობას.