Jump to content

1613 წ. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა ასპან ამირეჯიბისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

[edit]

ქ. ჩვენ, ღვთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმა ლუარსაბ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, ჩვენსა ერთგულსა და ერთგულად ნამსახურსა ამირეჯიბსა ასპანსა და შენთა შვილთა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის თხოვასა გვეაჯენით, და ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, მოგეცით რაც საულუმბო მამული იყო, უკლებლივ სრულიად აძვისი, წაღულს სამადანისშვილის მამული და კიდე წაღულს, რაც რევაზისშვილისა კერძი იყო. მოგვიცემია მკვიდრად და მოუშლელად მისითა მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, სახნავითა და სათესავითა, საძებრითა და უძებრითა და ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა, ჩვენსა ერთგულად სამსახურშია.

გაგითაოს და გიბედნიეროს ღმერთმან. ვინგინდა-ვინ ჩვენის კარის მოსაქმენი და ბრძანებისა მორჩილნი იყუნეთ, რარიგადაც ჩვენგან წყალობა იყოს, თქვენც ასრე დაუმტკიცეთ და ნურავინ რას შეუშლით.

დაიწერა წიგნი და ბრძანება ესე ჩვენი, კარის ჩვენის მდივნის ჴელითა, თუმანისშვილის ნასრისითა.

ქორონიკონს ტა.

ხელრთვა: ლუარსაბ (საბუთის პირს ამოწმებს ექვსი მოწმე).



მინაწერი პირზე:

დამოწმებულის კოპიოსთან შევამოწმე და თანასწორ არის, სოვეტნიკი თ(ავად)ი ორბელიანოვი

საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტა (301) ღვინობისთვის ი (10), რაც გვაძლევს 1613 წლის 10 ოქტომბერს.

შენიშვნები

[edit]
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.117
ამირეჯიბი – აქ ქართლის ფეოდალური საგვარეულოს გვარსახელი. მომდინარეობს ცენტრალური აპარატის მაღალი რანგის მოხელის, ამირეჯიბის, სახელწოდებიდან (არაბ. ამირ ალ-ჰაჯიბ მეკარეთა უფროსი). ერთიან საქართველოში ამირეჯიბები მანდატურთუხუცესის თანაშემწეები იყვნენ. XV-XVI საუკუნეებში სამოხელეო სისტემაში ცვლილებების შედეგად ამირეჯიბობა დაემცრო, მაგრამ სამეფო კარზე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო. ამ დროს ამირეჯიბობა ეპყრათ გაბელისძეებს. დროთა განმავლობაში, თანამდებობის მემკვიდრეობითი გადაცემის წესის ზეგავლენით, ამირეჯიბი გვარად გადაიქცა (სურგულაძე (რედ.) 2017: გვ.108-109; ოთხმეზური, 2009: გვ.10).

პუბლიკაცია

[edit]