ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან რ ო ს ტ ო მ , ესე წყალობისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა, ამილახორს, პატრონს ბეჟანს.
მას ჟამსა, ოდეს ლიეხუს ზედათ და ლიეხუს ქუეშეთ ქართლის ქუეყანა თქუენის სახლისკაცის სასარდლო ყოფილა, აწე, ჩუენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ თავადისა, აზნაურისშვილისა, ბერისა და ერთობილთ ყოვლის კაცისა, რარიგადცა ამას წინათ თქუენი სახლისკაცი სარდარი ყოფილა, იმავე რიგითა და წესითა, სარდრობა თქუენთვის გუიბოძებია.
როდისცა ჩუენი წიგნი ბრძანება მოგივიდეს, რარიგადაცა მოგახსენოთ, იმრიგად შეიყარეთ და სადაც ჩუენი ბრძანება იყოს, იქ შემოგვეყარენით. რაც კაცი დაგაკლდეს და ჩუენი ბრძანება გატეხოს, რითაც სამართლით ემართლებოდეთ, გაუწყერით, გარდააჴდევინეთ და ჩუენი ბრძანება და სამსახური გაათავეთ.
ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა.
როსტომ მეფის მსხლისებრი ფორმის ბეჭედი ლეგენდით:
ქ. ყაენის ფეჴთა მტუერი რ ო ს ტ ო მ მეფე ვამტკიცებ.
გამოვიდა მაღალი ბრძანება მასზე, რომ რადგანაც სიდიადის თავშესაფრის, მაღალი და პატივცემული ბედნიერი ბეჟან-ბეგის მამა-პაპა ძველი დროიდანვე ლიახვის ზემო და ქვემო [მხარის] სარდალი იყო, ჩვენც იმავე წესით ხსენებულ სიდიადის თავშესაფარს [ბეჟან ბეგს] ამირსარდლობა და და ამილახვრობა მივაკუთვნეთ და მივეცით დროშა. საჭიროა, რომ ის ხალხი, რომელიც ძველი დროიდანვე ამილახვრის ხელქვეითი იყო და მათ დროშას ახლდა, [კვლავ] მათ უნდა ეახლოს და შეუცდომლად დაემორჩილოს. ამის შესახებ [გამოცემული] ბრძანება იცოდნენ, ნაბრძანებს წინააღმდეგობა არ გაუწიონ და ყოველ წელს ახალ ბრძანებას ნუ მოითხოვენ და როცა [ეს] ბრძანება მაღალი ბეჭდით შეიმკობა - დაემორჩილონ მას. დაიწერა 1042 წლის ზიყადას თვეში.
სპარსული სარეგისტრაციო ბეჭდები:
ოვალური, წარწერით: ო, უძლურთა შემწევ!
მრავალკუთხა-მრგვლოვანი წარწერით: სულით მებრძოლი მონა როსტომისა მანუჩარი.
თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტკა (321), რაც გვაძლევს 1633 წელს.
ი. დოლიძე საბუთს 1633 წლის 26 მარტით ათარიღებს, ხოლო "დოკუმენტურ წყაროებში" 1633 წლის 10 მაისითაა დათარიღებული
სპარსული საბუთის თარიღი 1042 წლის ზიყადა შეესაბამება 1633 წლის 9 მაისი - 7 ივნისი.