მეუფება ღვთისა!
გამოქვეყნდა უავგუსტოესი ფირმანი მასზე, რომ სიდიადისა და აღმატებულების საფარველმა, მომწესრიგებელმა ქაიხოსრო-ბეგმა, ხელმწიფური წყალობით გაამაყებულმა და განდიდებულმა, უწყოდეს, რომ მმართველობის, ხელმწიფობის და ბრწყინვალების საფარველმა, სიდიადისა და ძლიერების ძალამ, მაღალადგილოვანმა, დიდებული ხელმწიფეების შთამომავალმა, ქველმა ხელმწიფემ, დიდებულმა და ბედნიერმა ჩემმა ძმამ როსტომ-ხანმა, საქართველოს ვალიმ, მოგვახსენა იმ სიდიადის საფარველის ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების შესახებ. ამჟამად, როცა თეიმურაზი დამარცხებული იქნა სურამის სანახებში და გაიქცა. ეს იყო მიზეზი იმ სიდიადის საფარველის მიმართ ხელმწიფისაგან წყალობის მომატებისა.
იმ სიდიადის საფარველისა და საქართველოს მთელი ხალხისათვის ცხადია, რომ ხსენებული თეიმურაზი იყო და არის საქართველოს აოხრების მიზეზი და მისი მავნებლობის უკუგდება საქართველოს მთელი ხალხისათვის არის საჭირო. საჭიროა, რომ წინანდელზე უფრო მეტად იღვაწონ ერთგულად და გულწრფელად ხსენებული მაღალადგილოვანის, მმართველობისა და ხელმწიფობის საფარველობის სამსახურში [და] თუ [თეიმურაზმა] ამის შემდეგ [კიდევ] განიზრახა საქართველოში მოსვლა, [მაშინ] ქართლის აზნაურებთან და მთელ ხალხთან ერთად, ერთგულად და ერთსულოვნად მოინდომებენ რა მის უკუგდებასა და მოსპობას, მოიქცევიან ისე, რომ საქართველოს ხალხმა მოისვენოს მისი ჯანყის ბოროტებისაგან. და თუ ვინმე აღმოჩნდება ჩვენთვის არაკეთილისმსურველი, ამის შესახებ ჭეშმარიტება აცნობონ ხსენებულ მმართველობისა და ხელმწიფობის საფარველს, რათა როგორც სასარგებლოდ დაინახავს დღითიდღე მზარდი [ჩვენი] სახელმწიფოსათვის, ისე გადაწყვიტოს მოქმედება. ის, რაც საჭირო იქნება სიმამაცისა და თავდადებისათვის, შესრულებული უნდა იქნეს, რომ თითოეულის მამაცობისა და თავდადების ჭეშმარიტება ხსენებულმა ხელმწიფობის საფარველმა მომახსენოს, [და] მას გავხდით უსაზვრო ხელმწიფური წყალობის საგნად. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ [და] თავის მოვალეობად აღიარონ [მისი შესრულება]. დაიწერა 1045 წლის კურთხეული მოჰარემის თვეს.