Jump to content

1645 წ. 08.04. - სითარხნის წყალობის წიგნი თეიმურაზ I-ისა ხოსროსადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი 1448-1722.

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 76


ქ... ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან ხელმწიფემან მეფემან პატრონმან თეიმურაზ და თანამეცხედრემან ჩუენმან ღმრთივ-გუირგუინოსანთა ქართველთა მეფისა ასულმან დედოფალმან პატრონმან ხვარაშან და პირმშომან და სასურველმან ძემან ჩუენმან პატრონმან დავით და ძისა ჩუენისა ძეთა პატრონმან ლუარსაბ და ნიკოლოზ და გიორგიმ შეგიწყალეთ და გიბოძეთ ესე საბოლოო ჟამთა გასათავებელი, საქმითა სრული და ბძანება გათავებული წყალობისა, სითარხნისა და აზადობისა წიგნი და სიგელი და ფიცი და პირი თქუენ, ჩვენთა ერდგულთა ყმათა ხოსროს და მამის-ნაცვალსა შენსა დარჩას და შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა ყოველთავე ასე და ამა პირსა ზედან მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა დარბაზისა ჩუენისასა და აზადობის წიგნის გაახლებასა და მამულის სიგელს გვეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოკითხული ვქენით და ვითაც ძველითაგანაც აზადნი ყოფილიყუენით და ჩუენც წიგნითა ამით დაგიმტკიცეთ და ასრე გათარხნეთ და გააზადეთ, რომე არა საჩუენო სათხოვარი არა გეთხოვებოდეს-რა; არა პური, არა ღვინო, არა საკლავი ძროხა, არა ცხვარი და ღორი, არა სამასპინძლო, არა მდგმური და არა სამდგმური, არა გოჭი, არა ქათამი, არა ტიკი, არა ტომარა, არა საური, არა სამოურავო ულუფა, არა საყუელიარო მოსაკრეფი ყუელი და კუერცხი, ერბო და ბრინჯი, არა სამარხო ლობიო და ნიგოზი, არა საბაზიარო ქათამი, არა სამეჯინიბო-სახორსალარო, არა სამუქლემო ჯრა და ულუფა და თივა და ბზე, არა ულაყი, არა ხარმარხილი, არა მუშაობა, არა ბეგარი და სეფაობა.

ასე გაგვითავისუფლებიხართ, ერთის ლაშქარ-ნადირობისაგან და სხვა რიგის სამსახურისაგან კიდე არას იქმოდე და არცარა გეთხოვებოდეს.

და გვიბოძებია თქუენივე სამკუიდრო მამული, რაზედაც დღეს სახლობხარ და ქოდელაანში სასაფლაო და რისაც მამულის მქონებელი იყო, დემურაანში ნატროს ნაქონი მამული და თასმალაურში მურადა და სახლი, მისი შვილებითურთ და მისის მამულითა.

ეს მამულები ყოვლითურთ უკლებლად მათის სამძღვრითა და გასადევრითა, სახლ-კარითა, ქუევრ-მარნითა, სასაფლაოთა, საძელ-კალოთა, სახნავითა, სათესითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, საწისქუილოთა, ბახჩითა, საძოვრითა, სათიბითა, თავითა და ბოლოთა, მთითა და ბარითა, შესავლითა და გამოსავლითა, რისაც მქონებელი ყოფილან.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან, ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან, მკუიდრად და სამამულედ, ყოვლის კაცისაგან უცილებლად მოუდევარად. ეს ასე გაგითავდეს და არაოდეს არ მოგეშალოს, არა ჩუენგან და არა შემდგომად ჩუენთა მომავალთა სხვათა მეფე-მეპატრონეთაგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა გამრიგენო, ვექილ-ვეზირნო და ენისელთ მოურაო და სხვანო მოხელენო და კარითა ჩუენისა წარვლენილნო მოსაქმენო, ესე ჩუენი წყალობა თქუენცა ასე დაუმტკიცეთ და ნუ მოუშლით თვინიერ თანადგომისა და შემწეობისაგან კიდე...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა ტლგ (1645), თვესა აგვისტოსა დ.

თეიმურაზ. ხვარაშან. დავით.

გვიანდელი დამტკიცება:

[edit]
  • ქ. ჩვენ, საქართველოს მეფის თეიმურაზის ძე მეფე ჰერაკლე ვამტკიცებთ სიგელსა ამას; რაგვარადაც ჩვენს პაპა-ბიძათ წყალობები უქნია და უაზადებიხართ, ჩვენც ამ-რიგად წყალობა გვიქნია და გვიაზადებიხართ.
    მარიანობისთვის ა, ქორონიკონსა უმგ (1755).
    ბეჭედი
  • ქ. ჩვენ, მეფის ძე ვახტანგ ვამტკიცებთ სიგელსა ამას. ფებერვლის ად, ქორონიკონს უჲთ (1781)
    ბეჭედი

პუბლიკაცია და ლიტერატურა

[edit]