საქართველო მრავალსაუკუნოვან ქარტეხილებს სასულიერო და საერო პირთა დიდი ერთობის წყალობით გადაურჩა. გარკვეულწილად, ეს ერთობა ასახულია ეკლესიების ინეტერიერებსა და ეზოებში, სადაც ხშირად გვერდიგვერდ არიან დაკრძალული ღვთისმსახურები, მეფეები, ფეოდალები და მათი ოჯახის წევრები. ჩვენი ქვეყნის წარსულის კვლევაში დიდი როლი ენიჭება ეკლესია-მონასტრების ნეკროპოლის[1] საკითხის შესწავლას. ამ მიმართებით ინტერესს იწვევს ჯრუჭის მონასტრის ნეკროპოლიც.
სოლომონ მეორე 1809 წლის სიგელში წერს: ჯრუჭის უდაბნო "სასაფლაოდ მიეცა ბიძასა ჩემსა მეფესა მას წერეთლისათვის" [13, გვ42; 1]. ს. კაკაბაძე, წყაროს მითითების გარეშე, აღნიშნავს, რომ ჯრუჭის მონასტერი, ვიდრე მისი მფლობელები წერეთლები გახდებოდნენ, ფალავანდიშვილთა საგვარეულო სამარხი იყო [14, გვ.264]. ფალავანდიშვილების ნეკროპოლის ჯრუჭში არსებობის დამადასტურებელი წერილობითი თუ მატერიალური მასალები დღემდე მიკვლეული არ არის. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ჯრუჭის მონასტერი უდავოდ იყო სასულიერო პირთა, წერეთელთა (სოლომონ პირველისადმი ერთგულებითა და თავდადებით გამორჩეული სარდლის – ქაიხოსრო V წერეთლის შტოს წარმომადგენლების) და სამეფო ოჯახის წევრთა (წერეთელებთან ნათესაურ კავშირში მყოფნი) ძვალთშესალაგი. ფ. დიუბუა აღნიშნავს, რომ საფლავთა დიდი ნაწილი შემკობილი იყო კონსტანტინოპოლიდან ჩამოტანილი მარმარილოს ქვებით [30, გვ176]. ყველა წერეთელი ცდილობდა თავისი მიცვალებულის ტაძარში დაკრძალვას. ამ მიზეზის გამო, თურმე, ხშირად საჩოთირო სიტუაციებიც იქმნებოდა [26, გვ.512].
XIX საუკუნიდან მოყოლებული ჯრუჭის ნეკროპოლს მკვლევართა უმრავლესობა რამდენიმე სიტყვით ახსენებს. საკმაოდ სრულად ნეკროპოლი 1919 წელს აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა [11, გვ.35-41], 1925 წელს კი – გიორგი ბოჭორიძემ [9, გვ.227-231]. მათი ღვაწლი განსაკუთრებით ფასდაუდებელი გახდა მას შემდეგ, რაც 1991 წლის მიწისძვრამ მონასტერი ერთიანად დაანგრია. ამ მეცნიერებს გადმოწერილი აქვთ იმ სამარხთა უმრავლესობის ეპიგრაფიკული მონაცემები, რომლებიც XX საუკუნის პირველ მეოთხედში ვიზუალურად დასტურდებოდა. გ. ბოჭორიძე უთითებს საფლავთა ადგილს და ქვის სახეობასაც, ექ. თაყაიშვილთან ამ დეტალებს, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ვხვდებით. მას, გ. ბოჭორიძისაგან განსხვავებით, დამატებით, ცალკე აქვს შედგენილი მიცვალებულთა ნუსხა, სადაც პიროვნებათა ვინაობას და გარდაცვალების თარიღს აფიქსირებს [11, გვ.167-168]. იმ სამარხთა მდებარეობასა და ეპიტაფიებს, რომლებიც დღეს აღარ დასტურდება, ამ ორი დიდი მკვლევარის ნაშრომებიდან ვიმოწმებთ. ტექსტები მათ თითქმის ერთნაირად აქვთ წაკითხული (ორთოგრაფიულ თუ სხვა ტიპის მცირე სხვაობებზე ყურადღების გამახვილება ამ კონტექსტში საჭიროდ აღარ მივიჩნიეთ).
ქუთაისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში დაცული საბუთის მიხედვით ირკვევა, რომ ექ. თაყაიშვილსა და გ. ბოჭორიძეზე ადრე, კერძოდ, 1911 წელს, წმინდა გიორგის ეკლესიასა და მონასტრის ეზოში დაკრძალულთა სია, ეპიტაფიების ციტირების გარეშე, იმერეთის ეპარქიაში წარსადგენად შეადგინა ჯრუჭის არქიმანდრიტმა გრიგოლმა (ჩხაიძემ) [6, ფ.32]. ჯრუჭში დაკრძალულ თითოეულ პირთან მიმართებით აღვნიშნავთ იმ საყურადღებო განსხვავებას, რასაც ადგილი აქვს ექ. თაყაიშვილის, გ. ბოჭორიძისა და არქიმანდრიტ გრიგოლის ჩანაწერებში. ამგვარი შენიშვნის არარსებობისას იგულისხმება, რომ გარდაცვლილის სამარხი სამივე შემთხვევაში დასტურდება, ხოლო ეპიტაფია და ადგილმდებარეობა ერთნაირად აქვთ მითითებული ექ. თაყაიშვილსა და გ. ბოჭორიძეს.
გ. ბოჭორიძე ასახელებს ჯრუჭში დასაფლავებულ 10 პირს, ექ. თაყაიშვილი – 15-ს (ცალკე შედგენილ ნუსხაში გამორჩენია დავით მიტროპოლიტი და ამიტომ 14 მიცვალებული უწერია, მაგრამ იქ, სადაც ეპიტაფიების ციტირებას ახდენს, მეუფის სამარხსაც ახსენებს [11, გვ.41]). გრიგოლ არქიმანდრიტი – 20-ს. 2016 წელს ჯრუჭში სამეცნიერო ექსპედიცია მოვაწყვეთ. დღესდღეობით იქ 15 საფლავის ქვა დასტურდება. ყველა ამ და კიდევ სხვა მასალების შეჯერებით დადგინდა ჯრუჭის ნეკროპოლში დაკრძალული 27 პირის ვინაობა:
1) ჯუმათელი მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე, გარდაიცვალა 1778 წლის 12 აპრილს. ის ერისთავისა და წერეთლების სამხედრო დაპირისპირების შედეგად გავერანებული უდაბნოს აღორძინების ინიციატორი და აღდგენილი მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო. მისი ეპიტაფია (მხედრული ანბანით) იკითხებოდა ეკლესიის ინტერიერის სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში განთავსებულ ქვის ფილაზე (ექ. თაყაიშვილი უთითებს – "კარის მარცხნივ" [11, გვ.35], გ. ბოჭორიძე კი – "კარის მარჯვნივ, აღმოსავლეთით" [9, გვ.227]). წარწერა ე. თაყაიშვილსა და გ. ბოჭორიძეზე ადრე წაიკითხეს ი. წერეთელმა [24, გვ.4] და თ. ხუსკივაძემ [28, გვ.38]. ქვა, რომელზედაც ამოკვეთილია მიტროპოლიტის საფლავის ეპიტაფია, ამჟამადაც დაცულია ნატაძრალის ტერიტორიაზე და წარწერა ადვილად იკითხება: ,,ქ. ჵი მხედველნო ამა საფლავისანო მდებარე ამას შ ̃ა ყ ̃დ სამღვდელო ჯუმათელი მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე დარღვეულითა ნაწევრითა აღმოვითხოვ შენდობასა არა თუ ჩემისა ღირსებისათვის ა ̃დ მონასტრისა ამის სასოებისათვის რ ̃ლი დავშვრ ყ ̃ის შეძლებით ჩ ̃ით და მრ ̃ვლის წლის დარღვეულსა ამას მონასტერს ვექმენ წიმამძღვარ. ყ ̃ვლითა შეწევნითა განვაწესე კრებულობა ამას შ ̃ა და აწ განვედ ამ ̃ერ და ვ ̃ქმენ მიწა და ნაცარ რ ̃ელი ყ ̃თა ზ ̃და გარდუალ არს. ვითხოვ რ ̃ა ლოცვით შენდ ̃ბას ყოფდ ̃თ ჩემ ცოდვილისათვის რ ̃ა თქვენცა შეგენდუნეს ცოდვანი თქვენნი. წელ ̃ა ჩღოჱ. თვესა. აპრილსა იბ.”
არქიმანდრიტ გრიგოლის მიერ შედგენილ სიაში გარდაცვალების თარიღის გრაფაში წერია სამი ასო: ვ ი თ, რაც ჩვენი აზრით, ან მექანიკური შეცდომაა, ან საფლავის ქვაზე დარჩენილი წარწერის კვალი [6, ფ.32] (გ. ბოჭორიძე უთითებს, რომ სვიმონ აბაშიძის ეპიტაფიის ქვემოთ "იატაკზე, ოდნავ აღმოსავლეთით არის საფლავის ქვა, როგორც ჩანს, ამ პირისა; ქვას ამჩნევია რამდენიმე ასო" [9, გვ228]).
2) პაპუნა IV წერეთელი[2], გარდაიცვალა 1790 წელს. სახელოვანმა სარდალმა რუხის ომში გამოჩენილი მამაცობით დაამახსოვრა თავი შთამომავლობას. იგი სოლომონ პირველის უერთგულესი მხედართმთავრის – ქაიხოსრო V-ის შვილი, სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ძმა და იმერეთის მეფის – დავით II-ის სიძე იყო. მისი სახელით არაერთხელ მიუღია შეწირულობა ჯრუჭის მონასტერს [2; 3; 4]. ამ საფლავის არსებობის შესახებ თარიღის მითითებით პირველად დაწერა მარი ბროსემ [29, გვ87], რაცექვთიმე თაყაიშვილის ნაშრომზე დართულ შენიშვნებში შეცდომითაა დაკავშირებული პაპუნას ვაჟის – ქაიხოსრო წერეთლის სამარხთან [11, გვ.: 27, 171]. არქიმანდრიტი გრიგოლი თავის სიაში პაპუნა IV-ს სახლთუხუცესად[3] მოიხენიებს, გარდაცვალების თარიღს არ უთითებს და შენიშვნის გრაფაში , აღნიშნავს, რომ ეპიტაფიის ამოკითხვა ძნელიაო [6. ფ.32] ე. თაყაიშვილი და გ. ბოჭორიძე პაპუნა წერეთელსEჯრუჭის მონასტერში დაკრძალულთა შორის არ ასახელებენ.
3) მღვდელ-მონაზონი მათე, გარდაიცვალა 1796 წელს. მას ჯრუჭში დაკრძალულთა შორის არ ასახელებს გ. ბოჭორიძე. არქიმანდრიტის შედგენილ ნუსხაში წერია, მაგრამ გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1890 წელი [6. ფ.32]. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით, ეკლესიის სამხრეთ კედელში, "დაბლა, ჩატანიებულია პატარა ქვა მხედრული წარწერით: აქა. მდებარე. მ ̃დელი. მონაზონი. მათე. ღ ̃თმა. აცხოვნოს. ა ̃ ნ. ქ ̃ კს. ჩღჟვ." [11. გვ36] ამ საფლავს მოიხსენიებს მ. ბროსე [29, გვ.88].
ქვის ფილა ეპიტაფიით დღესაც დაცულია ჯრუჭის მონასტრის ტერიტორიაზე, სამრეკლოდან მთავარი ტაძრისაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს მდებარე ხის შენობაში, სადაც თავმოყრილია ნანგრევებიდან ამოღებული ყველა წარწერიანი ქვა (სურათი №2)
4) მონაზონი მათე, გარდაიცვალა 1800 წელს. მისი სამარხი მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილს აქვს ნანახი. ის წერს: "ჩრდილოეთ კედელში, ქვემოთ ჩატანებულია პატარა ქვა შემდეგის ეპიტაფიით: მე ყოვლით ტომთა უცოდვილესი გლახაკი მონაზონი მათე მხილველნო გვედრები შენდობა მიბრძანეთ ღვთისათვის ქორონიკონს ჩყ." [11, გვ.36]
5) გიორგი წერეთელი, გარდაიცვალა 1804 წლის 4 სექტემბერს. ამ თარიღით არქიმანდრიტ გრიგოლის მიერ შედგენილ სიაში შეტანილია "იმერთ სამეფოს სახლთ-უხუცესი თავადი წერეთელი" [6. ფ.32]. სახელი არ წერია. ჩვენი აზრით, ეს არის სოლომონ II-ის თანამეცხედრის – დედოფალ მარიამის (დადიანის) სახლთუხუცესი, მეფის პირველი სახელოს მფლობელის – ზურაბ წერეთლის უმცროსი ვაჟი – გიორგი [18, გვ112]. ჯრუჭის მონასტრისათვის შეწირული პარაკლიტონის ერთ–ერთ მინაწერში გიორგი წერრეთლის გარდცვალების თარიღად მითითებულია 1805 წლის 9 სექტემბერი [23, გვ.180]
ექვთიმე თაყაიშვილსა და გ. ბოჭორიძეს მისი საფლავი ნანახი არ აქვთ.
6) მღვდელ-მონაზონი იოვანე, გარდაიცვალა 1809 წელს. გ. ბოჭორიძე ამ ბერის საფლავს არ ახსენებს, ხოლო არქიმანდრიტი გრიგოლი წერს, რომ გარდაიცვლა 1800წელს [6. ფ.32]. ექვთიმე თაყაიშვილმა ეკლესიის სამხრეთ კედელზე განთავსებულ ქვის ფილაზე ამოიკითხა შემდეგი ეპიტაფია: "აქა. Mმდებარე. ღუდელ. Mმონაზონი. იოვანე. ღ ̃ ნ აცხოვნოს. ამინ. ქორონიკონს. ჩ.ყ.თ." [11, გვ36]
მღვდელმონაზონ მათესადმი მიძღვნილი წარწერიანი ფილის დარად, ესეც დღესდღეობით ხის სახლშია მოთავსებული დანარჩენ ეპიგრაფიკულ მასალებთან ერთად. გატეხილია ორ ნაწილად. მათგან ერთი გაბზარულია, ხოლო მეორეს კიდეები აქვს ჩამომტვრეული. ფილის ამ ნაწილზე თარიღის აღმნიშვნელი ასოების ოდნავ ზემოთ, მარჯვენა მხარეს მხედრულით ძალიან წვრილად ამოკაწრულია: "შენდობასა მიბრძანებდეთ ხთის სიყვარულით." (სურათი №3)
7) მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ აბაშიძე, გარდაიცვალა 1810 წელს. ამ ბერის საფლავის არსებობას ადასტურებენ გრიგოლ არქიმანდრიტი, ექ. თაყაიშვილი, გ. ბოჭორიძე და მ. იზორია. გ. ბოჭორიძე ექვთიმესაგან განსხვავებით, უთითებს ქვის სახეობასაც და ზომასაც. ამიტომაც ვარჩიეთ მისი ჩანაწერის ციტირება: "ეკლესიის გარეთ, აღმოსვლეთის კედლის ძირა ნაწილში უზის მარმარილოს ქვა (8X6 ვერშოკი, დაახლ.) მხედრული წარწერით: ქ. აქა მდებარე მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზ აბაშიძე. აღმომკითხველთაგან ქვისა ამის ყოველთა შენდობასა აღმოვითხოვ რათა თქვენცა შეგენდვნეს ცოდვანი თქვენნი. ამინ. წელთა ჩყი" [9, გვ231]. ამ საფლავთან დაკავშირებით მ. იზორია წერს: "ნატაძრალის აღმოსავლეთ მხარე გათლილი ქვით ნაგებ პლატფორმის კედელს ეყრდნობა. თითქმის ძირთან მიდგმულია ლითონის ფრონტონით დაგვირგვინებული მომცრო საფლავზედა კონსტრუქცია, რომელიც 1810 წელს გარდაცვლილ ნიკოლოზ აბაშიძეს ეკუთვნის" [12, გვ7].
8) ზურაბ წერეთელი, გარდაიცვალა 1823 წლის 23 იანვარს. ჯრუჭის უდაბნოს აღორძინება მისმა შვილმა – დავით მიტროპოლიტმა მამის დიდი შემწეობით მოახერხა. ეს გავლენიანი, ჭკვიანი, განათლებული, უცხო ენების მცოდნე, ანგარებიანი და ცბიერი პიროვნება (თავდაპირველად სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის ერთგული სახლთუხუცესი, რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისას კი მტრის მთავარი დასაყრდენი ძალა) მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველში დაუკრძალავთ [18, გვ.143]. ზურაბ წერეთლის საფლავის მარმარილოს ლოდი იატაკიდან ერთ მეტრზე მაღლა იყო ამოწეული [11, გვ228]. ეპიტაფია ამ ქვაზე შესრულებული ყოფილა მხედრული ანბანით: "წელიწადსა ჩყკგ-ს იანვრის კჱ-ს დღესა ქვეშე ლოდისა ამის განისვენებს მამულისა ერთგული, სარწმუნო ძე; მამა და მაწესებელი შვილთა თჳსთა ბედნიერებისა გენერალ მაიორი, და ორდენისა წმიდისა ანნას პირველისა ხარისხისა კავალერი, მექონი ხრმლისა ბრილიანტთა მიერ განშვენებულისა; თავადი ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი: რომელიც აღსრულდა სამეოცდა მეათექვსმეტესა წელსა თჳსისა ცხოვრებისასა და რომელსაცა ლოდი ესე გულსმოდგინებისა გამო უმსხუჱრპლა ასულმა მისმა მართა სამენგრელოჲსა დედოფალმან: მზირნო გამოიხატეთ სიკვდილი და სთქვ ̃თ ეყავნ მას კეთილი რამეთუ ესე არს ვასხება." [9, გვ.228; 3, გვ37]
9) ნიკოლოზ ზურაბის ძე წერეთელი, გარდაცვლილია არა უგვიანეს 1823 წლის 23 თებერვლისა. ჯრუჭში მისი საფლავის არსებობა პირველად დასტურდება ჩვენი კვლევებით. წერეთელთა სათავადო ძალიან ღრმად და საფუძვლიანად აქვს შესწავლილი ო. სოსელიას, მაგრამ ის ზურაბის მხოლოდ ოთხ ვაჟს: სვიმონს, გიორგის, დავითსა და გრიგოლს ასახელებს [18, გვ. 142]). დუმინისა და ი. ჩიქოვანის მიერ შედგენილ წერეთელთა გენეალოგიურ სქემაზე ზურაბ სახლთუხუცესის კიდევ ერთი ვაჟი – ნიკოლოზიც არის მითითებული და იქვეა აღნიშნული მისი სავარაუდო გარდაცვალების წელიც [27, გვ. 229]. ნიკოლოზ წერეთელი რომ ნამდვილად ზურაბ წერეთლის შვილი იყო და გარდაცვლილია 1823 წლის 23 თებერვლამდე (ვიდრე მიწას მიაბარებდნენ დედამისს), ამას ამტკიცებს ჯრუჭი II-დ წოდებული XII საუკუნის ოთხთავში (H-1667) დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დავით მოტროპოლიტის მიერ შესრულებული მინაწერი: "ჩყკგ-სა წელსა, თებერვალს კგ-სა, დღესა პარასკევსა ალიონზე მი[ი]ცვალა დედაჩემი თამარ დადიანის ასული, დამიშრტა ნათელი სიცოცხლისა ჩემისა. მოვაკლდი გარდამეტებულსა დედაშვილურსა სიყვარულსა მისსა, ვეღარ ვიხილავ კეკლუცსა და შვენიერსა პირსა მისსა, აღარ მიალერსებს ჩვეულებისაებრ დედაი ჩემი, დავფალ ხელითა ჩემითა ჯრუჭს მონასტერსა შინა მარჯუენით მხარეს მამასა ჩემისა, მეუღლისა თვისისა ზურაბ წერეთლისა თანა და ძისა მისისა ნიკოლაოსისთანა და წარვიდენ ესენი განსასვენებელსა კეთილსა და სანეტაროსა, მაგრამ მე დავრჩი ობლათ და მოვაკლდი შობლიურსა სიყვარულსა მათსა, თვით ძუძუთი დედისა ჩემისათა ვარ გაზდილი, მათი მოცილებული საწყალი დავით მიტროპოლიტი" (111r).
10) თამარ დადიანი, გარდაიცვალა 1823 წლის 23 თებერვლს. ს. სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ცოლი დაკრძალული იყო მეუღლის გვერდით [9, გვ228] მისი საფლავზედა ქვა (მდიდრულად გაფორმებული თეთრი მარამარილოს ლოდი) დღესაც დაცულია ნატაძრალის ტერიტორიაზე და კარგად იკითხება მხედრულით შესრულებული შემდეგი ეპიტაფია: "წელიწადსა ჩყკგსა ფებერვლის კგსა ქუ^ჱშე ლოდისა ამის დაფლულ არს კნეინა გენერალ მაიორისა ზურაბ წერეთლისა შვილთ მოყვარე და განმაბედნიერებელი, დედა თამარ დადიანისა ასული. რომლისა მოსაგონებლად და უკანასკნელს მსხვერპლად ლოდი ესე შესწირა საყვარელმან ასულმან მისმან მართა სამენგრელოჲსა დედოფალმან: მჭვრეტნო მოიგონეთ ესევე თქუ^ჱნთჳს და სთქვით კეთილი, რომელ არს შენდობა მისთჳს".
ექ. თაყაიშვილისა [11, გვ.37] და გ. ბოჭორიძისაგან [9, გვ.228] განსხვავებით, არქიმანდრტი გრიგოლი აღნიშნავს, რომ თარიღი საფლავის ლოდზე არ წერიაო [6, ფ.32]. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. გარდაცვალების წელი ეპიტაფიის პირველსავე სტრიქონზეა მითითებული (სურათი№ 4). როგორც უკვე ვნახეთ, თამარ დადიანის გარდაცვალების თარიღს (1823 წ.) ასევე ადასტურებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ჯრუჭის ოთხთავის (H-1667) მინაწერი, რომელიც ქართული დატირების იშვიათ ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.
11) ქეთევან წერეთელი, გარდაიცვალა 1823 წლის 10 მარტს. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის – გიორგი XII-ის რძლის, იოანე ბატონიშვილის მეუღლისა და ზურაბ სახლთუხუცესის ქალიშვილის საფლავი დღესაც დასტურდება ეკლესიის ცენტრალურ ნაწილში. თეთრი მარმარილოს საფლავზედა ქვაზე მხედრულად წერია: "წელიწადსა ჩყკგ-სა მარტის ი-ს ლოდითა ამით დაფარულ არს საქართუჱლოს მეფის გიორგის სძალი, თანამოჟამეთა პირუ˜ჱლი, კეთილი სამაგალითო ქეთევან, ასული ღენერალ-მაიორის, და კვალერის ზურაბ წერეთლისა, რომელსა, მხილველთთვის სავასხებლად შენდობისა, ლოდი ესე უძეგლა დამან თჳსმან მართა-სამენგრელოჲსა მთავრინამ და კავალერმან" (სურათი №5). გრიგოლ არქიმანდრიტის, ექ. თაყაიშვილისა [3, გვ38] და გ. ბოჭორიძის [9, გვ230] გარდა, ქეთევან წერეთლის საფლავის არსებობას ადასტურებს მარი ბროსე [29, გვ.88].
12) ქაიხოსრო წერეთელი. გარდაიცვალა 1828 წლის 28 აგვისტოს. ის სარდალ პაპუნა IV-ის უფროსი შვილი იყო. მხედართმთავარობა მამის გარდცვალების შემდეგ მიიღო. ქაიხოსრო VII[4] იმერეთის სამეფოს გაუქმების წინააღმდეგ თავდადებით იბრძოდა. მეფე გააპარა ახალციხეში, აჯანყება მოაწყო იმერეთში. დამარცხებულ სოლომონს ემიგრაციაში გაჰყვა. მხოლოდMმეფის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. საბოლოოდ, ისიც რუსეთის ერთგული ქვეშევრდომი გახდა.
როგორც გ. ბოჭორიძე წერს, ქაიხოსრო VII დასაფლავებული იყო ,,შუა ეკლესიაში, ორი სვეტის შუაში”, ქეთევან წერეთლის საფლავთან ახლოს (სამხრეთით) [9, გვ.229]. ქაიხოსრო წერეთლის სპილოსძვლისფერი საფლავზედა ქვა დღესაც დაუზიანებლად დევს ნატძრალის ტერიტორიაზე და მკაფიოდ იკითხება შემდეგი წარწერა: "ეპიტაфია: "ჩყ ჱ/კჱ კჱ. აქა ქუჱშე ლოდისა ამის შთაიბნა შესაწყალი მტუჱრი პაპუნასა ძისა ქუჱმოჲსა ივერიისა თავადის ქაიხოსრო წერეთლისა, შობითგან თვისით ნვ-სა წლისა, რომელიცა ჰყუაოდა მეფობას შინა სარდობითა და დიდისა როსსის იმპერიასა თანა შეერთებისა დროსა პოლკოვნიკობითა და კავალერითა სфერასა ზედა მიწიერსა მხილველი თჳთ ორთა უდიდესთა ჴელმწიფეთა: დიდისა იმპერატორისა ნიკოლაოს პირუჱლისა სატახტოსა ქალაქსა მოსკოვს და სულთანისა კონსტანტინეპოლესს შინა. მრავალთა პირად პირადთა ნიჭთა მიმღებლისა, ხოლო აწ უკანასკნელ სალმობიერად დამტევებელმან საყუარელისა მეუღლისა, ორთა სასურველთა ასულთა, ძმისა და თანამემამულეთამან. რომელმანცა დასასრულ ნაცულად ყოველთა განვიკერძე მცირე ესე ტაგრუცი, სადაც დასდუჱს ლოდი ესე სატრფომან სიძემან მისმან ზემოჲსა ივერიისა თავადმან ღენერალ მაიორმან და კავალერმან ნიკოლაოსის ძემან იოანე აფხაზმან და მეუღლემან მისმან (ასულმან გარდცუალებულისამან) კნეინა სალომემ, ნიშად სიყუარულისა და ჟამადმდე აღუხოცელისა ხსოვისა ჵოი, ღმერთო, განუსუჱნე სულსა აქა შთაბნეულისა მტუჱრისასა.” (სურათი № 6)
ექვთიმე თაყაიშვილი მონასტერში დაკრძალულთა ზემოთ ნახსენებ ცალკე ნუსხაში ქაიხოსრო წერეთლის საფლავის ქვის წარწერასთან დაკავშირებით შენიშვნის სახით უთითებს: "თარიღში აშკარად შეცდომაა, 1828 მაგიერ უნდა იყოს 1858წ., ვინაიდან მას უნახავს მოსკოვში ნიკოლოზ I" [11, გვ168]. ტიტანური შრომით გადაღლილ მეცნიერს, როგორც ჩანს, შეეშალა თარიღები. ნიკოლოზ პირველი 1825-1855 წლებში იყო იმპერატორი. ქაიხოსრო წერეთლის გარდაცვალების თარიღი და ჯრუჭში დაკრძალვის ფაქტი მითითებულია კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში დაცული წიგნის (ანტონი კატიფორას "სამღვდელო ისტორია") ერთ-ერთ მინაწერში [17, გვ265; 13, გვ.141]. ქაიხოსრო წერეთლის 1828 წელს გარდაცვალებას ადასტურებს ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 1156 წელს გადაწერილი სვინაქსარის მინაწერი (H-1661. ფორზაცის r), იმ განსხვავებით რომ გარდაცვალების დღედ 28 ივლისია მითითებული. მინაწერის ავტორი ჯერ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის გარდაცვალების შესახებ წერს და მოყავს თარიღი ჩყკჱ [1828წ.] და შემდეგ მიუთითებს, რომ "ამავე ქორონიკონით, ამავე ივლისის კჱ-ს [28], დღე სთენდებოდა შაბათი, გარდაიცვალა ქუთათის თ~ი პოლკოვნიკი და კავალერი მდივანბეგი ქ ა ი ხ ო ს რ ო პ ა პ უ ნ ა ს – ძ ე წ ე რ ე თ ე ლ ი, ორმოცდა მეათექუსმეტსა წელიწადსა შ~ა მყოფი, დაიმარხა ჯრუჭის მონასტერში ა [1] აგვისტოს. საუკუნოცა არს ხსენება მათი". ამდენად, თუ სვინაქსარის მინაწერს გავითვალისწინებთ, ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთელი 56 წლის ასაკში გარდაცვლილა 1828 წლის 28 ივლისს (და არა 28 აგვისტოს) და დაუკრძალავთ ჯრუჭის მონასტერში 1 აგვისტოს.
13) მზეხათუნ ბაგრატიონი, გარდაიცვალა 1829 წლის 3 თებერვალს. იმერეთის მეფის – დავით II-ის ასული და ზურაბ სახლთუხუცესის ძის – სვიმონ წერეთლის თანამეცხედრე დაკრძალული ყოფილა ქეთევან წერეთლის ახლოს.[9, გვ.230] გარდაცვალების თარიღს ერთნაირად უთითებენ მარი ბროსე [41, გვ.88], არქიმანდრიტი გრიგოლი და ექ. თაყაიშვილი [11, გვ.41], გ. ბოჭორიძეს კი 1826 წელი აქვს ამოკითხული [9, გვ.230]. ეპიტაფია, როგორც ჩანს, XX საუკუნის პირველ მეოთხედში საკმაოდ დაზიანებული იყო, რადგანაც ექ. თაყაიშვილსა და გ. ბოჭორიძეს ბევრი სიტყვა განსხვავებულად აქვთ ჩაწერილი, თუმცა ემთხვევა შინაარსი, რომლის თანახმადაც, ახოვანი თავადის – სვიმონ წერეთლის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილების დედა – მზეხათუნ ბატონიშვილი გარდაცვლილა 46 წლის ასაკში.
ექვთიმე თაყაიშვილი სიაში (და არა ეპიტაფიებთან) მზეხათუნ ბაგრატიონის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით შენიშნავს: "შეიძლება ეს თარიღი მისი არ იყოს" [11, გვ168]. მზეხათუნ ბაგრატიონი ნამდვილად 1829 წელს გარდაიცვალა. ეს დადასტურებულია ზემოთ ნახსენები ხელნაწერი წიგნების – ანტონი კატიფორას "სამღვდელო ისტორიისა" [17, გვ265; 13, გვ.144] და სვინაქსარის (H-1661) მინაწერებში: "ჩყკთ-სა წელსა, ფებერვლის ბ-სა, შაბათს საღამოს მირქმას, გარდაიცვალა იმერეთის მეფის დავითის ასული მ ზ ე ხ ა თ უ ნ ს ი მ ო ნ წ ე რ ე თ ლ ი ს, ზ უ რ ა ბ ს ა ხ ლ უ ხ უ ც ი ს ძ ი ს, მეუღლე და დარჩა ორი ძენი და ორნი პატარა ქალი" [ფორზაცი v].
მზეხათუნ ბაგრატიონის საფლავზედა ქვა დღესაც დევს ნატაძრალის ტერიტორიაზე. (სურათი №7)
14) გიორგი ნიკოლოზის ძე წერეთელი, გარდაიცვალა 1829(?) წლის 1 მაისს. ის, ალბათ, ზემოთ ნახსენები ნიკოლოზ ზურაბის ძე წერეთლის შვილია. ექვთიმე თაყაიშვილი და გ. ბოჭორიძე მას ჯრუჭში დაკრძალულთა შორის არ ასახელებენ. არქიმანდრიტ გრიგოლს გარდაცვალების თარიღის გრაფაში ჩაუწერია "ჩკვთ" [6. ფ.32]. ამ ასოებით წელიწადის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია. ამდენად, გარდაცვალების თარიღსა და პიროვნების იდენტიფიკაციაზე ამ შეთხვევაში ვარაუდის ფარგლებში ვმსჯელობთ.
15) როსტომ პაპუნას ძე წერეთელი. გარდაიცვალა 1832 წლის 27 მაისს. ის იყო სახელოვანი სარდლის – პაპუნა IV-ის ვაჟი, დაბადებული 1780 წელს. მისი საფლავის შესახებ წერს მ. ბროსე [29, გვ88]. გრიგოლ არქიმანდრიტი, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ბოჭორიძე ამ პირის სამარხის არსებობას არ უთითებენ.
16) ალექსანდრე პაპუნას ძე წერეთელი, გარდაიცვალა 1840 წლის 7 სექტემბერს. ცნობა დაცულია არქიმანდრიტ გრიგოლის მიერ შედგენილ ნუსხაში [6. ფ.32]. ექვთიმე თაყაიშვილსა და გ. ბოჭორიძეს მისი საფლავი ნანახი არ აქვთ. ალექსანდრე იყო პაპუნა IV-ის ვაჟის – როსტომის შვილიშვილი [27, გვ.229].
17) გრიგოლ წერეთელი, გარდაიცვალა 1843 წლის 23 დეკემბერს. მას 1804-1810 წლებში ეკავა დედოფალ მარიამ დადიანის (სოლომონ II-ის თანამეცხედრე) სახლთუხუცესის თანამდებობა [18, გვ.112]. თავისი დროის საკმაოდ ცნობილ ბიბლიოფილს შემოკრებილი ჰყავდა ხატმწერები და მწიგნობრები[18, გვ.146; 10, გვ123]. როგორც მისი ძმა (მრავალი წლის განმავლობაში ჯრუჭის უდაბნოს წინამძღვარი) – დავით მიტროპოლიტი უთითებს, გრიგოლს დიდი წვლილი აქვს შეტანილი მონასტრის საგანძურის გამდიდრებაში [20, გვ.89-90]. იმერეთის სამეფოსათვის უმძიმეს პერიოდში მან მტრის მხარე დაიჭირა და სიცოცხლის ბოლომდე რუსეთის ერთგული ქვეშევრდომი იყო.
გრიგოლ წერეთელი დაკრძალული ყოფილა ტაძარში, სამხრეთ კედელთან. საფლავის ეპიტაფია (მარმარილოს ქვაზე მხედრულით შესრულებული) ექვთიმე თაყაიშვილს აქვს ჩაწერილი [11, გვ. 37-38]. გიორგი ბოჭორიძე მხოლოდ გარდაცვალების თარიღს უთითებს, რომელიც წიგნში აშკარად შეცდომითაა (1945წ.) დაბეჭდილი [9, გვ.229]. გრიგოლ წერეთლის საფლავზედა ქვა დამსხვრეულია, მაგრამ დაშლილი არ არის და წარწერაც იკითხება: "ეპიტაфია. საფლავსა ამას შინა განისვენებს გარდაცვალებული 1843 წელსა, 23-სა დეკემბერს პოლკოვნიკი და კავალერი კნიაზი გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი. დღიდგან შობისა მექონი 56 წლისა. შვილიშვილი მისი უძღვნი ძეგლსა ამას აღზრდისათვის ჩემისა მისის იმპერატორებითის უდიდებულესობის სვიტის ღენერალ მაიორი და კავალერი კნიაზი ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი აღმომკითხველნო უმორჩილესად გთხოვ ავედრებდეთ განსვენებასა უფლისა მიერ. 1875 წელი ივნისის 2ს დღესა". (სურათი № 8)
18) ელისაბედ დადიანი. გარდაიცვალა 1850 წლის 1 აგვისტოს. მის საფლავს არ ახსენებს გ. ბოჭორიძე. არქიმანდრიტის შედგენილ სიაში წერია გვარის მითითების გარეშე [6. ფ.32]. ექვთიმე თაყაიშვილს გრიგოლ ზურაბის ძე წერეთლის საფლავზედა ქვაზე ამოკვეთილი ტექსტის შემდეგ მოჰყავს ელისაბედის ეპიტაფია[9, გვ38]. ეს წარწერიანი ქვა დღესაც დევს ნატაძრალის ტერიტორიაზე, დამსხვრეულია, მაგრამ ფრაგმენტები გაბნეული არ არის და წარწერა იკითხება: "ქუჲჱშე ლოდისა ამის დაფლულ არს კნეინა კნიაზ პოლკოვნიკის გრიგოლ წერეთლისა შვილთ მოყვარე და განმაბედნიერებელი დედა ელისაბედ დადიანის ასული. რომლისა მოსაგონებლად და უკანასკნელის მსხუჲჱრპლად ლოდი ესე შესწრა ძემან მისმან პოლკოვნიკმან კნიაზ ალექსანდრემ. მჭუჲრეტნო მოიგონეთ ესევე თქვენთჳს და ჰსთქვით კეთილო რომელ არს შენდობა მისთვის: 1850-სა წელსა აგვისტოს 1-სა დღესა" (სურათი№9)
19) დავით მიტროპოლიტი, გარდაიცვალა 1853 წლის 14 თებერვალს. ის ზურაბ სახლთუხუცესის შვილი იყო. ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად მოღვაწეობდა 1804-1829 და 1835-1843 წლებში (1843-1853 წლებში იმერეთის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, მაგრამ ამ პერიოდში არავინ გაუმწესებია ჯრუჭის წინამძღვრად [26, გვ.511]). მან ჯრუჭი პატარა ქალაქს დაამსგავსა.[18, გვ.144] ჩვენ მივაკვლიეთ საბუთს [8, ფ.25], სადაც თვითონ დავით მიტროპოლიტი წერს "რაოდენი აღმიშენებია და გამიკეთებია მე შემდეგ მიღებისა ჯრუჭის მონასტრის გამგებლობისა ჩყდ-ს წლიდგან ჩყმვ-ს…წლამდე." ეს დოკუმენტი ნათელყოფს, რომ მეუფე დავითის წყალობით, ჯრუჭის მონასტერს, როგორც არქიტექტურულ ძეგლს, საგანძურსა და საეკლესიო მეურნეობას, ახალი სუნთქვა გაეხსნა. ანდერძით მთელი თავისი ქონება მამა-პაპათა სამკვიდრო ჯრუჭის მონასტერს დაუტოვა და თავმდაბლურად ისურვა, რომ დაეკრძალათ არა ტაძარში, არამედ – ეზოში. ბოჭორიძე მის სამარხს არ ახსენებს. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი უთითებს, მიტროპოლიტის საფლავი მდებარეოდა "ჩრდილო დასავლეთით ეკლესიის ეზოში; ლოდი აქვს დიდი, წარწერით და ზედ ფანჩატურით [11, გვ.41]." სამწუხაროდ, ეპიტაფიის ციტირებას ვერსად მივაკვლიეთ. არქიმანდრიტ გრიგოლის სიაში (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექვთიმეს ჩანაწერებზე ადრეა შედგენილი) ვკითხულობთ: "წარწერა ქვაზე არ არის" [6. ფ.32]. გ. ჩიღვინაძე აღნიშნავს, რომ "დავით მიტროპოლიტის საფლავზე დევს დიდი ქვის ლოდი წარწერის გარეშე" [22, გვ.32]. ჯრუჭში ნატაძრალის ტერიტორიაზე სამეცნიერო ექსპედციის დროს ჩვენ მივაკვლიეთ დავით მიტროპოლიტის საფლავზედა დიდი ქვის ლოდს და მასზე წარწერა ამოკვეთილი არ არის. (სურათი №10)
დავით მიტროპოლიტი რუსეთის მიერ იმერეთის დაპყრობის პერიოდში მამისა და უმცროსი ძმის – გრიგოლის პოზიციაზე იდგა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მეუფე დავითი დიდი ტკივილით განიცდიდა იმერეთის სამეფოს 1809-1810 დ 1819-1820 წლების მოვლენებს. ამაზე უნდა მეტყველებდეს ანდერძში აღმზრდელი ბიძის (მამის ბიძაშვილის), რუსი სამხედროების მიერ წამებით მოკლული დოსითეოს ქუთათელის ღვაწლის მოხსენიება [19, გვ.156]
20) გიგო წერეთლის მეუღლე ვასასი, გარდაიცვალა 1870 წლის 5 აპრილს. ქალიშვილობის გვარი უცნობია. გ. ბოჭორიძის მიხედვით, დაკრძალული ყოფილა ამბიონის წინ [9, გვ.231]. მისი საფლავის მარმარილოს ქვაზე ამოკვეთილი ეპიტაფია მხოლოდ ექვთიმე თაყაიშვილს აქვს ჩაწერილი: "ლოდისა ამა ქვეშე განსვენებულ არს კნეინა თავადის გიგო როსტომის ძის წერეთლისა ვასასი რომელი მოსპოლვილ იქმნა სიკვდილისაგან თვით დროსა ყვავილოვნებისასა. დაუტევა ჭაბუკობიასა შინა მყოფი ქმარი თვისი ვნებულად და მგლოვიარედ და შვილები ობლად. მხევალი ესე იყო უმანკო კეთილი მოქალაქე და თანამედროეთა თვისთა კეთილ მაქცეველი, რომლითა სიმართლით შემოსილი შთავიდა საფლავთა შინა წელსა ჩყო-ს აპრილის ე-ს. ეჰ ძმანო, და თანასიკვდილისა მოვალენო, გვედრებით ხელთ გულთა ზედა დაპყრობილი ხმაყოთ ყოვლად უზენაესისადმი სულსა ამისა მისცეს კაცთმოყვარებითა თვისითა საუკუნო განსვენება ამინ". [11,გვ.40]
ვასასი წერეთლის თეთრი მარმარილოს საფლავზედა ქვა დღესდღეობით ნამსხვრევებადაა ქცეული (სურათი №11)
21) ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი, გარდაიცვალა 1883 წლის 10 ნოემბერს. ზურაბ სახლთუხუცესის შვილთაშვილი 1864 წლიდნ იყო რუსეთის იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. 1869 წ. გენერალ-ლეიტენანტის ხარისხი მიიღო. 1876 წელს იმერეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს [18, გვ.147]. როგორც ზემოთ ვნახეთ, მან მარმარილოს ლოდით შეამკო ბაბუის – გრიგოლ წერეთლის საფლავი. ნესტორ წერეთელი უეცრად აღესრულა საჩხერეში [21, გვ.3]. ჯრუჭის მონასტრის ეზოში მისი საფლავის არსებობის შესახებ უთითებს მ. იზორია [12, გვ.51]. ნესტორი რომ ჯრუჭის მონასტერშია დაკრძალული ამის მტკიცებულებას წარმოადგენს ასევე 1792 წელს გადაწერილი ოთხთავის (H-1689) მინაწერი, რომლის დასაწყისი გადარეცხილია, თუმცა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია შემონახულია: "კნეინა ნინა... დავით... და მან კეთილ მგრძნობმან და ღ~თისადმი მასასოებელმან წარმოგზავნა ნესტორის სასაფლაოში ჯრუჭის მონასტერში და შესწირა სასიმრთელოდ მისსა და საოხად ნესტორის სულისათვის... არხიმანდრიტი ჯრუჭის მონასტრისა სიმეონ აფაქიძე. 31-ს დეკემბერს". (128v).. და ისევ: "…შემოწირული ჯრუჭის მონასტრისადმი, არავინ იკადროდ გამოწირვად. ღმერთმან კარგად ამყოფოს ნინა ამის შემოწირვისათვის. 1884-ს წელსავე დეკემბერს, არხიმანდრიტი ჯრუჭისა სიმეონ აფაქიძე". (427r.)
22) პელაგია გურიელი, გარდაიცვალა 1883 წლის 20 დეკემბერს (ეს თარიღი მითითებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ 1815 წლის სამოციქულოს (F 441/5) ყდის წინა ფრთის ფორზაცზე არსებულ მინაწერში [23, გვ389]). იგი იყო ნესტორ წერეთლის მეუღლე [18, გვ.147]. ამ განათლებულ და საზოგადოებრივად აქტიურ ქალბატონს ლექსებს უძღვნიდნენ გრ. ორბელიანი, აკ. წერეთელი და სხვები. როგორც მ. იზორია წერს, ისიც, ქმრის დარად, დაკრძალული ყოფილა ჯრუჭში [12, გვ51].
23) ილია გრიგოლის ძე წერეთელი, გარდაიცვალა 1889 წლის 27 ივლისს. მისი სამარხის არსებობას ადასტურებს გრიგოლ არქიმანდრიტის სია [6. ფ.32]. ექვთიმე თაყაიშვილი და გ. ბოჭორიძე მას არ ასახელებენ. ილია წერეთელი სარდალ პაპუნა IV-ის ვაჟის – როსტომის შთამომავალია [27, გვ229] და არა ზურაბ სახლთუხუცესის ძის – გრიგოლ წერეთლის ვაჟი, რომელსაც სამი შვილი: დიმიტრი, ალექსანდრე და სამსონი ჰყავდა. [18, გვ.146-147].
მიწისძვრის შემდეგ ნატაძრალის ეზოში ილია წერეთლის საფლავის ქვა აღმოაჩინა და აღწერა მ. იზორიამ: "განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს ევროპულ ყაიდაზე გადაწყვეტილი ობელისკი, რომლსაც სხვაგვარად დაყუდებულ, ან ფეხზე მდგომ საფლავის ქვასაც ეძახიან. ბაროკალური სტილის კონსტრუქციის ფასადზე მხედრულად ამოტვიფრული ეპიტაფიით დაფარული მარმარილოს ფილაა ჩასმული. ობელისკი სტილიზებული პირამიდული გადახურვით გვირგვინდება, რომლის ლილვებითა და ფოსოებით პროფილირებული ფრონტონის ტეხილი კარნიზი წახნაგოვან პილიასტრებს ეყრდნობა. კაპიტელები შვეული ღარებითაა გაფორმებული. სტილიზებული კარნიზით გამოყოფილი ფრონტონის არე რელიეფურ გირლიანდებზე დასმული ჰორელიეფური ანთროპომორფული თავითაა შემკული… მარმარილოს ფილაზე იკითხება შემდეგი წარწერა: "სახსოვარი: მახლობელთა სატრფილო, გნავეშელთა საყვარელო, განისვენებს გრიგოლის ძე აქ ილია წერეთელი" [12, გვ.8] .
ეს ობელისკი დღესაც დაცულია ნატაძრალის ტერიტორიაზე. (სურათი №12) ეპიტაფიის ტექსტი გრძელდება ობელისკის უკანა მხარეს: ,,თვით შემკულს სიჭაბუკით უდროოდ ხვდა ეს შემკობა. მკითხველო ღმერთს შეავედრე, შეუთვალე მას შენდობა. დაიბადა 1855 წ. 15 ნოემბერს. გადაიცვალა 1889 წლის 27 ივლისს” [სურათი №13]
24) ნიკოლოზ მეტრეველი, გარდაიცვალა 1890 წელს. ეკლესიის სამხრეთით, კიბეებთან ახლოს მიწაზე დევს მუქი რუხი ფერის საფლავზედა ქვა (ზომები: 1×0,36მ), რომელსაც მხედრულად აწერია: ,,ნიკოლოზ მეტრეველი 1890 წელსა გარადიცვალა 12 წლის”. როგორც ჩანს, მორჩილად იყო მონასტერში. (სურათი №14) ნიკოლოზ მეტრეველის საფლავის არსებობა პირველად დასტურდება ამ ნაშრომში.
25) გრიგოლ როსტომის ძე წერეთელი, გარდაიცვალა 1895 წლის 7 ოქტომბერს. ის არქიმანდრიტ გრიგოლის სიის თანახმად "იმერთა სარდლის ძეა" [6. ფ.32], ხოლო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩაწერილი ეპიტაფიის მიხედვით – "იმერთა სარდლის ძის ძე". [11, გვ40] გრიგოლი იყო პაპუნა IV-ის შვილის – როსტომის ვაჟი. გ. ბოჭორიძის მითითებით, იგი დაკრძლული იყო ვასასი წერეთლის გვერდით [9, გვ231]. ისინი თანამეცხედრეები იყვნენ ("გიგო" "გრიგოლის" შემოკლებული ფორმაა). ეს კარგად ჩანს წერეთელთა გენეალოგიური შტოს სქემაზე [27, გვ 229]).
ნატაძრალის ტერიტორიაზე დღესაც დევს გრიგოლ როსტომის ძე წერეთლის მუქი რუხი ფერის საფლავზედა ქვა, რომელზედაც მხედრული ანბანით წერია: "ლოდსა ამის ქვეშ განისვენებს იმერთა სარდლის ძის ძე თავადი გრიგოლ როსტომის ძე წერეთელი. იშვა 1828 წ. მარტის 15. გავიდა ამაო ამა სოფლიდამ 7-სა ოქტომბერს 1895 წელსა და დაემკვიდრა სავანესა მამა პაპათა სამკვიდროსა მისსა მონასტერსა ჯრუჭს. აღმომკითხველნო შენდობით მოიხსენებდეთ" ( სურათი №15)
26) ანასტასია ლორთქიფანიძე წერეთლისა, გარდაცვალების თარიღი უცნობია. დამტვრეულ საფლავზედა ქვაზე (ზომები:1,72×0,72მ) დღესაც შესაძლებელია მხედრულით შესრულებული წარწერის (ტექსტის ძირითადი ნაწილის) ამოკითხვა: "...ლოდი ესე მიძღვნ ძემან ჩემმან... წერეთელი ...რო მყოფმა და ყოვლად უწყალო სიკვდილმან მისწრო და განმაშორა საყვარელთა და უფლად ქმნილი მრავალ ფასთა ძეგლთა მონა მყო უნდოისა ლოდისა ამის. რომელთა ამოიკითხოთ ზედა წარწერილი ესე გთხოვთ უმორჩილესად ბრძანოთ ჩემთვის ღმერთო ღირს ჰყავ განსვენებასა კნეინა წერეთლისა ანასტასია ლორთქიფანიძის ასული რომელიც აღვესრულ... თვესა ივლისსა ჩ..."
შესაძლოა, ანასტასია ლორთქიფანიძე-წერეთლისა იყოს რუსეთის არმიის ოფიცრის, 1801 წელს დაბადებულისა და 1855 წელს გარდაცვლილის – ნიკოლოზ გიორგის ძე წერეთლის (სავარაუდოდ, ზემოთ ნახსენები გიორგი ნიკოლოზის ძის ვაჟი. ამ ოჯახის წევრების სამუდამო განსასვენებელი, ალბათ, ჯრუჭის ნეკროპოლი იყო.) მეუღლე, რომელსაც წერეთელთა გენეალოგიური შტოს სქემაზე მოიხსენიებენ ატატოდ (ანასტასიას საალერსო ფორმა), ქალიშვილობის გვარის მითითების გარეშე [27, გვ231]. ამ საფლავის არსებობა დღემდე სამეცნიერო ლიტერატურაში დადასტურებული არ ყოფილა (სურათი №16).
27) არქიმანდრიტი ზენონი (მენაბდე), გარდაიცვალა 1926 წლის მაისში. მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) განკარგულებით, იგი 1920 წლის 24 ოქტომბერიდან ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი იყო [5]. სამწუხაროდ, მისი ჯრუჭში მოღვაწეობის ამსახველ მასალებს ვერ მივაკვლიეთ. წინა საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს უმრავლეს ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურება აკრძალა. ჯრუჭის მონასტერიც 1923 წლიდან ოფიციალურად უკვე აღარ იყო მოქმედი, მაგრამ, არქიმანდრიტ ზენონ მენაბდეს სიცოცხლის ბოლომდე არ დაუტოვებია ჯრუჭი. საქართელოს საპატრიარქოს არქივში დაცული საბუთი იუწყება, რომ "1926 წლის 13 მაისს მისი მეუფება ვარლამი (მახარაძე) ადგილობრივი მთავარხუცის, მღვდლის მ. ბიკტორ ტყემალაძისა და საკრებულო ტაძრის მღვდლის მ. სერგი მაჭარაშვილის თანხლებით წავიდა ყოფილ ჯრუჭის მამათა მონასტერში, სადაც წესი აუგო და მიწას მიაბარა ახალგარდაცვალებული ყოფილი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მ. ზენონი" [2, ფ.16]
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირებისა, სპეციალურ ლიტერატურაში ჯრუჭში დაკრძალულთა შორის სახელდებიან იმერეთის მეფე დავით მეორე (1789–1790 წწ.) და მისი დედ–მამა. მ. რეხვიაშვილი წყაროს მითითების გარეშე წერს: "ახალციხეში გადახვეწილი იმერეთის ყოფილი მეფე დავით გიორგის ძე ყვავილით გარდაიცვალა. იგი იმერეთში ჩამოასვენეს და მშობლების გვერდით – ჯრუჭის მონასტერში დაკრძალეს." [16, გვ. 306] ჯრუჭს მიიჩნევენ მის სამუდამო განსასვენებლად მ. ლორთქიფანიძე და რ. მეტრეველი (ისინი ეყრდნობიან მ. რეხვიაშვილის ნაშრომს) [15, გვ266]. დოკუმენტური მასალებით ეს არ დასტურდება. დავით მეორის მშობლები – გიორგი VII (ძალიან მცირე ხანით იყო მეფე, ამიტომ მას უმეტესად ბატონიშვილად მოიხსენიებენ) და მზეხათუნ დადიანი დაკრძალული არიან მღვიმევის მონასტერში, მაცხოვრის ეკლესიის დასავლეთით, კარის გასწვრივ. მათი საფლავების ეპიტაფიები ამოიკითხა გ. ბოჭორიძემ [9, გვ.209–210]. ახალციხიდნ მალულდ ჩამოსვენებული დავით მეორე, როგორც კ. ხარაძე უთითებს, დაუკრძალავთ ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომელიც წლების შემდეგ დანგრეულა [25, გვ.7–8]. მ. კეზევაძის მიკვლეული საბუთის თანახმად, 1850 წელს ქუთაისის გენერალ–გუბერნატორი ალ. გაგარინი მიტროპოლიტ დავით წერეთელს წერილობით მიმართავდა, რომ საქართველოს ეგზარხოსისა და კავკასიის მეფისნაცვლის წინადადების შესაბამისად, ჩხარის ნანგრევებად ქცეული წმინდა გიორგის ეკლესიის ოდნავ მოშორებით ახალი ტაძრის აგებისას (ინიციატორი და დამფინანსებელი იყო მიხეილ შარვაშიძე [7]) არ შეხებოდნენ დავით მეორის საფლავს, შემოეზღუდათ იგი ქვის ღობით და დაედგათ ძეგლი [7, ფ.41-42]. ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ოსმალეთის ქვეშევრდომი, ბერძენი ოსტატი – მიხეილ ოღლი [7, ფ.40-50]. კ. ხარაძეს ქუთაისის გუბერნიის ცნობათა კრებულიდან მოჰყავს შემდეგი ციტატა: "ახალი ტაძრიდან ოციოდე ნაბიჯზე სხვა ძველი ქვის ეკლესიის ნანგრევებია, რომელიც ორნაწილადაა გაბნეული და ზედ აყრია იმერეთის მეფის სოლომონის ბიძის – დავითის სამარხს" [25, გვ7]. დავით II ახალ ეკლესიაში გადაასვენეს, თუ მისი საფლავი ეზოში მიატოვეს, ეს ცნობილი არ არის, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ იგი დაკრძალულია ჩხარში[5] და არა ჯრუჭში.
ჩვენ მიერ ქრონოლოგიურად შედგენილი ჩამონათვალის მიხედვით, ყველაზე ადრე ჯრუჭში მიცვალებული დაუკრძალავთ XVIII სააუკუნის 70-იან წლებში, ხოლო ბოლოს – XX საუკუნის 20-იან წლებში. ზუსტი და სრულყოფილი სიის შედგენა, სამწუხაროდ, არ ხერხდება. ჟამთა სვლამ, უდაბნოს ტერიტორიაზე გაჩაღებულმა ბრძოლებმა, ტაძარის დიდმა რეკონსტრუქციამ, დროდადრო ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა, იატაკის განახლებამ თუ სხვა ფაქტორებმა ბევრი საფლავის მიკვლევა შეუძლებელი გახადა. მდგომარეობა საშინლად დამძიმდა მას შემდეგ, რაც მონასტერი 1991 წლის მიწისძვრამ ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ზოგიერთი საფლავი, გაძარცვის მიზნით, ააოხრეს, რასაც, ბუნებრივია, თან მოჰყვა საფლავზედა ქვების ადგილის მონაცვლეობაც.
ჯრუჭის ნეკროპოლის შესახებ არსებული ლიტერატურისა და წყაროების შესწავლით დადასტურდა, რომ ჯრუჭი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან წერეთელთა საგვარეულო ძვალთშესალაგი იყო. ამ მონასტერში დაკრძალვის პატივით სარგებლობდნენ მიტროპოლიტები და სხვა სასულიერო პირები, სამეფო ოჯახის წევრები, სარდლები, იმერეთის სამეფო კარის სახელოს მფლობელები და მეფის რუსეთის არმიის მაღალჩინოსნები. Uუდავოა, რომ ეს მონასტერი, თავისი სიძველის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, წინათაც იქნებოდა სხვა დიდგვაროვნთა და ეკლესიის მსახურთა განსასვენებელი, მაგრამ ბევრმა ისტორიულმა საბუთმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, ზოგიც ჯერ კიდევ მიუკვლეველია. სამწუხაროდ, ძეგლი არქეოლოგიური თვალსაზრისით არასოდეს გამხდარა შესწავლის ობიექტი და ამიტომ დღესდღეობით დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება არ ხერხდება.
- ↑ სიტყვა ნეკროპოლს ვხმარობთ ფართო მნიშვნელობით და არ ვგულისხმობთ სასაფლაოსათვის გამოყოფილ კონკრეტულ ადგილს, რადგანაც მიცვალებულებს კრძლავდნენ: ეკლესიის ეზოში, ეკვდერში, საკურთხეველში, შუა ტაძარსა თუ კარიბჭეში
- ↑ პაპუნა II-ის შვილიშვილია, მაგრამ, როგორც ამ სახელის მატარებელი, რიგით მეოთხეა. მისი თანამედროვე იყო პაპუნა III წერეთლი [13, გვ.136]
- ↑ სამეფო კარის ამ სახელოს 1778-1785 წლებში ზურაბ წერეთელი ფლობდა, 1785-1786 წლებში – ზაალ აბაშიძე, 1789-1810 წლებში – კვლავ ზურაბ წერეთელი [13, გვ.:106,110-111]. წინმძღვარი, უთუოდ, წერეთელთა სათავადოს სახლთუხუცესობას გულისხმობდა. საწერეთლოში ასეთი სახელოს არსებობაზე მსჯელობს ო. სოსელია [13, გვ.93].
- ↑ ქაიხოსრო V-ის შვილიშვილია, მაგრამ, როგორც ამ სახელის მატარებელი, რიგით მეშვიდეა. წერეთელთა სხვა შტოს წრმომადგენელი – ქაიხოსრო VI დაიღუპა ქობულეთ-ჩაქვის ბრძოლაში 1784 წელს[13. გვ138]
- ↑ ჩხარის ეკლესია XX საუკუნის 40–იან წლებში ბოლომდე დაანგრიეს და მისი მასალით აბანო ააშენეს. 2003 წელს ტაძარი კვლავ ააგო და მოაწყო გ. გაბრიჭიძემ [37, გვ4]
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
I. წყაროები:
საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ყოფილი საქართველოს საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების ქართულ დოკუმენტთა კოლექცია:
- Hd 1329
საქართველოს საპატრიარქოს არქივი
- 2. საქმე 1800, ბოდბეს, მარგვეთისა და ალავერდის ეპარქიების ანგარიში: 1926–1933 წლები, ანაწერი პირველი
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება
ა) ისტორიულ საბუთთა კოლექცია:
- ქიმ 124
- ქიმ 166
- ქიმ 273
ბ) საარქივო მასალები, გელათის მონასტრის არქივი:
- 6466/3384
ქუთაისის ცენტრალური არქივი, იმერეთის ეპარქიალური კანცელარიის ფონდი №21 საქმეები:
- 24121
- 3919
- 5264
II. ლიტერატურა:
- გ. ბოჭორიძე, იმერეთის ისტორიული ძეგლები, წიგნი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ლევან რატიანმა, თბ., 1995წ.
- ნ. გურგენიძე, ძველი წიგნსაცავები საქართველოში, თბილისი, 1969წ.
- ე. თაყაიშვილი, ჯრუჭის მონასტერი და მისი სიძველეები, გამოსაცემად მოამზადა ზაზა სხირტლაძემ ნათია გელდიაშვილის მონაწილეობით, თბილისი, 2010წ.
- მ. იზორია, ,,ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსი,“ (საჩხრის რაიონი, მდინარე ჯრუჭულას ხეობა), სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, შპს არქიტექსი, თბილისი, 2011წ. (ხელნაწერის უფლებით დაცულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში.)
- ს. კაკაბაძე, მასალები დასავლეთ საქართველოს სოციალურ და ეკონომიური ისტორიისათვის, საისტორიო კრებული, თბილისი, 1928წ.
- ს. კაკაბაძე, შოთა რუსთაველი და მისი ,,ვეფხისტყაოსანი”, თბ., 1966წ.
- მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბილისი, 2007წ.
- მ. რეხვიაშვილი, ,,იმერეთის სამეფო“, თბილისი, 1989წ.
- საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, მუზეუმის ხელნაწერთა ახალი (Q) კოლექცია, ტომი I, შედგენილი ელ. მეტრეველისა და ქრ. შარაშიძის მიერ, რედაქტორი ი. აბულაძე, თბილისი, 1957 წ.
- ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), II, თბ., 1981წ.
- ქ. ქათამაძე, დავით მიტროპოლიტი, ჟურნალი ,,განთიადი” ,ქუთაისი, № 1-2, 1998წ.
- მ. ქებულაძე, ,,ჯრუჭის მონასტრის ნივთ-სამკაულის ისტორიისათვის”, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომების კრებული, XXIII, ქუთაისი, 2013წ.Q
- "შინაური ქრონიკა" (ინფორმაცია ავტორის გარეშე), გაზეთი ,,დროება“, 16 ნოემბერი, 1883წ.
- გ. ჩიღვინაძე, ,,დავით მიტროპოლიტი”, ჟურნალი ,,ART ხომლი”, №3, 2013წ.
- ძველნაბეჭდი ქართული გამოცემები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციის აღწერილობა, ტომი I, შემდგენლები: დალი მაჩაიძე, Mმანანა სამაშვილი. რედაქტორები: მიხეილ ქავთარია, ფერიდე კვაჭანტირაძე. ტომის მომზადებაში მონაწილეობდნენ: ანა ჯაჯანიძე, გიორგი თეთრუაშვილი. თბილისი, 2010 წელი.
- ი. წერეთელი, ჯრუჭის მონასტერი. ჟურნალი ,,მწყემსი“. № 28, 1886წ.
- კ. ხარაძე, ,,ჩხარის წმინდა გიორგის მონასტერი“, თბილისი, 2003წ.
- П. Гнилосаров, Очерки из жизни Митрополита Давида. Кавказский календарь на 1854 г., Тиф., 1853г.
- С. Думин , П. Гребельский, ,,Дворянские роды Российской империи,,, том IV, С. Думин, Князь Ю. Чиковани, ,,Князья Царства Грузинского, Москва,,, 1998 г.
- Ф. Хускивадзе, Квирильское ущелье. Сборник материалов для описания местностей и племëн Кавказа, вып. XIII, Тиф.,1892 г
- M. Brosset, Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans l’ Arménie éxecuté en 1847-1848 sous les auspices du prince Vorontzof, lieutenant du Caucase, membe de l’Académie impériale des sciences, 1851
- F. Dubois de Montpereux, Voyage autor du Caucase, chez les Tscherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée, TomeIII, 1839