ძლიერისა ღვთისა იესიან-სოლომონიან პატრონმან, ღვთივ ამაღლებულმან, ღვთივ დამყარებულმან, ღვთივ გვირგვინოსანმან, ორისავე ტახტისა მპყრობელმან, ლიხთ-იმერისა, ლიხთ-ამერისა, ჩვენ მეფეთ მეფემან ალექსანდრემან, აფხაზთა, სვანთა, კახთა, სომეხთა, ქართველთა, ჯიქთა და ალალთა, შაჰნ-შაჰე და შარვან-შაჰე.
ნებითა ღვთისათა მოვიდენ ჩვენს წინაშე ერთგულებაზედ თავდადებულნი და ჩვენს მსახურებაზედ ბაქრაძენი ვახტანგ და დავით, მათნი შვილნი და მომავალნი ყოველნი, დაგვეაჯენით და გიბოძეთ ესე სასისხლო სიგელი: ძველათაც საპატიო სიგელი გქონებოდათ, მაგრამ ჟამთა აშლილობისაგან წაგხდომოდათ. აწ შეგიწყალეთ და ესე სიგელი გიბოძეთ:
ნუმცა ნუვინ იკადრებს უბრალო კაცის სახლის დაურვას. ვინცა ეშმაკის მანქანებისაგან შენი გვარის კაცი მოჰკლას, სრული სისხლი ცხრაასი ათასი კირმანეული თეთრი დაგიურვოს, მასგარდა სამოცი ათასი თეთრი სანახშოთ დაგიურვოს.
ვინც წაგიღოს რამე, ნახევარი სისხლი დაგიურვოს.
ვინც ცოლი მოგი..ნას, ნახევარი სისხლი დაგიურვოს.
ვინც მართალს გრძნეულება გითხრას, ნახევარი სისხლი დაგიურვოს.
ვინც შენი გვარის ქალი დააგდოს, ნახევარი სისხლი დაგიურვოს.
ვინც უომრად შვილი ციცეს, მესამედი სისხლი დაგიურვოს.
ვინც დარბაზს შეგაბეზროს, მეოთხედი სისხლი დაგიურვოს.
ვინც ყმა, ანუ სეფე-ქალი გიცეს, ოცდა ოთხი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ვინც სასაფლავო გაგიტეხოს, ას ორმოცი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ვინც ცეცხლი შემოგიდვას, ას ოთხმოცი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ვინც ჯოგი გაგიტეხოს, ათი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ვინც მეჯინიბე ანუ მწყემსი გიცეს, ოთხი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ვინც გერში სისხლი გადინოს, ოცდა ოთხი ათასი თეთრი დაგიურვოს.
ხოლო სხვა რა გინდარა თუ უპატიოება დაგემართოთ, ეს ჩვენგან მოცემული სიგელი დაიდევით და ამაზედ დაგეურვებოდესთ.
აფხაზეთის კათოლიკოზო, ქუთათისის ქუთათელო და წინამძღვარნი, მოძღვარნო, ოდიშის ჭყოინდელო, ბედიელო, მოქველო, ცაგერელო, ქართლის კათოლიკოზო, სამცხის მაწყვერელო, დიაკონო, თქვენცა დაუმტკიცეთ.
ჩვენო თავადნო, დადიანო და გურიელო, სამცხის ათაბაგო, კარისა ჩვენისა ვეზირნო, მსახურთ-უხუცესო, ამირეჯიბო, ერისთავთა ერისთავო, ამილახორო, ამირათ ამირაო, მდივანო და სახლთ უხუცესო, თქუენც დაუმტკიცეთ.
სხვანო კარისა ჩვენისა მოხელენო, მეჯინიბეთ უხუცესო, მოლარეთ უხუცესო, ბოქაულთ უხუცესნო, მეღვინეთ უხუცესო, გამგეთა უხუცესო, ბაზიერთ უხუცესო, თქვენცა დაუმტკიცეთ.
სხვანო კარისა ჩვენისა მოხელენო, მოლარე-მერიქიფენო, მეჯინიბენო, მეღვინენო და მზარეულნო, ბაზიერნო, შემწერყეო, შემსჭოვარე და მეჩანგეო, მენაღარე და მედაბდაბეო, სხვანო ხარკისა და ღალისა მკრეფელნო, ძროხისა და საკლავისა მკრეფელნო, პურის და ღვინის მკრეფელნო, გოჭის და ქათმის მკრეფელნო, თქვენც დაუმტკიცეთ.
მცველნო და მამასახლისნო, ხელის უფალნო, დიდნო და მცირენო, თქვენც დაუმტკიცეთ.
ქორონიკონს რპთ, ივნისის ზ.