Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/12

From Wikisource
This page has not been proofread.

არავის აქვს უფლება არჩეულ იქნას პრეზიდენტად, ვინც ამ კონსტიტუციის მიღების დროისათვის არ იქნება შეერთებულ შტატებში დაბადებული მოქალაქე, ან შეერთებული შტატების მოქალაქე,23 არც ვინმეს შეუძლია იყოს არჩეული ამ თანამდებობაზე, ვისაც არ მიუღწევია ოცდათხუთმეტი წლის ასაკისათვის და თოთხმეტი წლის მანძილზე არ უცხოვრია შეერთებულ შტატებში.

{პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების, მისი სიკვდილის, გადადგომის, ან მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების უუნარობის შემთხვევებში ისინი უნდა გადაეცეს ვიცე-პრეზიდენტს, ხოლო ორივე მათგანის - პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის გადაყენების, სიკვდილის, გადადგომის ან უუნარობის შემთხვევებში კონგრესს შეუძლია კანონით დაადგინოს, თუ რომელი თანამდებობის პირმა უნდა შეასრულოს ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობა,24 ხოლო ამ თანამდებობის პირმა პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეასრულოს მანამდე, სანამ არ აღსდგება პრეზიდენტის ქმედითუნარიანობა, ანდა სანამ არჩეული არ იქნება ახალი პრეზიდენტი.} [შეიცვალა ოცდამეხუთე შესწორებით]

პრეზიდენტმა, განსაზღვრულ დროს, თავისი სამსახურისთვის უნდა მიიღოს გასამრჯელო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, რომლითაც ის არჩეული იქნება, არც უნდა გაიზარდოს და არც შემცირდეს, და ამ ხნის მანძილზე მან არ უნდა მიიღოს სხვა რაიმე გასამრჯელო შეერთებული შტატებისგან ან ცალკე რომელიმე მათგანისგან. თანამდებობის დაკავების წინ მან უნდა წარმოთქვას შემდეგი ფიცი, ან საზეიმო დაპირება: მე საზეიმოდ ვფიცავ (ან პირობას ვდებ), რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას.

ნაწილი 2.

პრეზიდენტი არის შეერთებული შტატების არმიისა და ფლოტის მთავარსარდალი და ისევ უხელმძღვანელებს ცალკეული შტატების მილიციას, როდესაც ის გაწვეულ იქნება შეერთებული შტატების მოქმედი სამსახურისათვის, მას შეუძლია ყოველი აღმასრულებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირისაგან წერილობითი სახით მოითხოვოს მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მათ თანამდებობრივად ეხებათ,25 მას, აგრეთვე აქვს განაჩენის გაუქმებისა და შეწყალების უფლება იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს შეერთებული შტატების წინააღმდეგ, იმპიჩმენტის შემთხვევის გამოკლებით.

იგი უფლებამოსილია, სენატის რჩევითა და მასთან შეთანხმებით, დადოს ხელშეკრულება, იმ პირობით, თუ ამაზე თანხმობა განაცხადა სენატის დამსწრე წევრთა ორმა მესამედმა; მას აქვს, აგრეთვე, უფლება დაასახელოს, ხოლო სენატთან რჩევისა და შეთანხმების შემდეგ დანიშნოს ელჩები, სხვა სრულუფლებიანი წარმომადგენლები და კონსულები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და შეერთებული შტატების ყველა სხვა თანამდებობის პირი, რომელთა დანიშვნის წესი არ არის აქ სხვაგვარად გათვალისწინებული და დადგენილია კანონის მიერ, მაგრამ კონგრესს შეუძლია კანონის ძალით ამგვარ შედარებით დაბალ თანამდებობის პირთა დანიშვნის უფლება, თუ ის ამას საჭიროდ მიიჩნევს, მხოლოდ პრეზიდენტს, მოსამართლეებს ან დეპარტამენტების ხელმძღვანელებს გადასცეს.