მუხლი II
ნაწილი 1.
აღმასრულებელი ხელისუფლება გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მან უნდა დაიკავოს თავისი თანამდებობა ოთხი წლის ვადით. პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტთან ერთად, რომელსაც იმავე ვადით აირჩევენ, კენჭი უნდა ეყაროს შემდეგი წესით:
ყოველმა შტატმა, მისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა დანიშნოს ამომრჩევლები,22 რომელთა რაოდენობა ტოლი უნდა იყოს სენატორებისა და წარმომადგენლების იმ რაოდენობისა, რომლის ყოლის უფლება აქვს მოცემულ შტატს კონგრესში: მაგრამ ამომრჩევლად არ შეიძლება დაინიშნოს სენატორი ან წარმომადგენელი, ან პირი, რომელსაც შეერთებულ შტატებში რაიმე საპასუხისმგებლო ან შემოსავლიანი თანამდებობა უკავია.
{ამომრჩევლები უნდა შეიკრიბონ თავიანთ შტატებში და კენჭი უყარონ ორ პიროვნებას, რომელთაგან ერთი მაინც არ უნდა იყოს მათი შტატის მკვიდრი. შემდეგ მათ უნდა შეადგინონ სია ყველა იმ პიროვნებისა, რომელმაც ხმა მიიღო და იქვე მიუთითონ, თუ რა რაოდენობის ხმები დააგროვა თითოეულმა მათგანმა. ეს სია მათ მიერ ხელმოწერილ და დამტკიცებულ უნდა იქნას და დაბეჭდილი სახით გადაიგზავნოს შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელში, სადაც ის პირადად სენატის თავმჯდომარეს უნდა ჩაბარდეს. სენატის თავმჯდომარემ, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თანდასწრებით, უნდა გახსნას ყველა წერილობითი მოწმობა, რის შემდეგ უნდა მოხდეს ხმების დათვლა. პიროვნება, რომელსაც ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა აღმოაჩნდება, გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ეს რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობას უნდა შეადგენდეს. ხოლო, თუ ასეთი უმრავლესობა აღმოჩნდება ერთზე მეტ პირს დ ა მათ მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობა თანაბარი იქნება, ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატამ დაუყოვნებლივ კენჭი უნდა უყაროს, თუ ვინ იქნება მათ შორის პრეზიდენტი; ხოლო თუ ვერავინ ვერ დააგროვებს ხმების უმრავლესობას, მაშინ ამავე პალატამ სიაში პირველი ხუთ პიროვნებისგან, ამავე წესით, უნდა აირჩიოს პრეზიდენტი. მაგრამ პრეზიდენტის არჩევისას ხმის უფლება უნდა მიენიჭოთ შტატებს, ამასთან თითოეული შტატის წარმომადგენლობას უნდა ჰქონდეს ერთი ხმის უფლება.
ქვორუმს ამ შემთხვევაში შეადგენს შტატების რაოდენობის ორი მესამედი და არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი იქნება შტატების საერთო რაოდენობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ყველა შემთხვევაში, პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, პიროვნება, რომელიც ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების რაოდენობით მეორე იქნება, გახდება ვიცე პრეზიდენტი. ხოლო თუ აღმოჩნდება ორი ან მეტი ისეთი პირი, ვისაც ხმების თანაბარი რაოდენობა ექნება, მაშინ სენატმა უნდა უყაროს მათ კენჭი იმის გამოსარკვევად, თუ ვინ გახდება ვიცე-პრეზიდენტი.} [შეიცვალა მეთორმეტე შესწორებით]
კონგრესს შეუძლია განსაზღვროს ამომჩეველთა არჩევის დრო და მათ მიერ ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დღე, ეს დღე საერთო უნდა იყოს მთელს შეერთებულ შტატებში.