Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/10

From Wikisource
This page has not been proofread.

არ შეიძლება შეჩერებულ იქნას პრივილეგირებული უფლება habeas corpus 19, თუკი ამას არ მოითხოვს სახელმწიფოს უსაფრთხოება ამბოხების ან გარედან თავდასხმის დროს.

არ შეიძლება მიღებულ იქნას Bill of Attainder,20 ან - კანონი ex post facto.21 არ შეიძლება დაწესებულ იქნას რაიმე სულადი ან სხვა სახის პირდაპირი გადასახადი, თუ არა ზემოთ აღნიშნული მოსახლეობის აღწერით დადგენილი პროპორციების შესაბამისად. [შეიცვალა მეთექვსმეტე შესწორებით]

არ შეიძლება დაწესებულ იქნას რაიმე საბაჟო ან სხვა სახის გადასახადი რომელიმე შტატიდან გასატან საქონელზე.

არ შეიძლება რაიმე საბაჟო ან სავაჭრო წესით მიეცეს რომელიმე შტატის ნავსადგურს რაიმე უპირატესობა სხვებთან შედარებით; არ შეიძლება რომელიმე შტატში მიმავალი ან იქიდან გამოსული გემი იძულებით იქნას შეყვანილი მეორე შტატის ნავსადგურში და იქ განტვირთულ იქნას ან ბაჟი დაეკისროს.

არ შეიძლება ფული სხვაგვარად გაიცეს ხაზინიდან, თუ არა კანონით დადგენილ ასიგნებათა საფუძველზე; რეგულარული ხარჯთაღრიცხვა, ცნობები შემოსავლისა და გასავლის შესახებ, აგრეთვე ანგარიში იმისა, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფო თანხები, დრო და დრო უნდა ქვეყნდებოდეს.

არ შეიძლება შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ გაიცეს რაიმე არისტოკრატული ტიტული; და არც ერთმა პიროვნებამ, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება რაიმე საპასუხისმგებლო ან შემოსავლიან თანამდებობაზე, არ უნდა მიიღოს, კონგრესის თანხმობის გარეშე, რაიმე ძღვენი, გასამრჯელო, თანამდებობა ან ტიტული რომელიმე უცხო სახელმწიფოსაგან, მეფისა ან უფლისწულისაგან.

ნაწილი 10.

არც ერთ შტატს არა აქვს უფლება დადოს რაიმე ხელშეკრულება, შევიდეს რაიმე ალიანსში ან კონფედერაციაში; გასცეს საკაპერო მოწმობები და რეპრესალიები; მოჭრას ფული; გასცეს აკრედიტივები; გადაიხადოს ვალები სხვაგვარად, თუ არა ოქროსა და ვერცხლის მონეტებით; მიიღოს Bill of Attainder-ი, ან - კანონი ex post facto, ან - სხვა რომელიმე კანონი, რომელიც დაარღვევს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს; ან გასცეს რაიმე არისტოკრატული ტიტული.

არც ერთ შტატს არა აქვს უფლება, კონგრესთან შეთანხმების გარეშე, დააწესოს საბაჟო ან სხვა სახის გადასახადი იმპორტზე ან ექსპორტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სრულიად აუცილებელია საინსპექციო კანონების აღსასრულებლად და რომელიმე შტატის მიერ იმპორტზე ან ექსპორტზე დაწესებული საბაჟო ან სხვა სახის გადასახადების შედეგად მიღებული წმინდა შემოსავალი უნდა გადაეცეს შეერთებული შტატების ხაზინას; გარდა ამისა, ყველა ასეთი კანონი, კონგრასის მხრიდან, კონტროლისა და გადასინჯვის საგანი უნდა გახდეს.

არც ერთ შტატს არა აქვს უფლება, კონგრესთან შეთანხმების გარეშე, დააწესოს საბაჟო გადასახადი გემების ტონაჟზე, იყოლიოს ჯარი, ან სამხედრო გემები მშვიდობის ჟამს, დადოს რაიმე შეთანხმება ან ხელშეკრულება რომელიმე სხვა შტატთან, ან უცხო სახელმწიფოსთან, გააჩაღოს ომი, სანამ ის არ გახდება თავდასხმის ობიექტი, ან არ დაემუქრება რეალური საფრთხე, რომლის დროსაც დაყოვნება არ შეიძლება.