მოჭრას ფული, არეგულიროს შეერთებული შტატებისა და უცხოური ფულის ღირებულება და დაადგინოს ფულის ზომისა და წონის ნორმები;
დაადგინოს სასჯელი შეერთებული შტატების ფულისა და ფასიანი ქაღალდების გაყალბებისათვის;
შექმნას საფოსტო სამსახური და საფოსტო გზები;
ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და ხელოვნების პროგრესს, დაიცვას განსაზღვრული დროით ავტორებისა და გამომგონებლობის განსაკუთრებული უფლებები მათ ნაწერებსა და გამოგონებებზე;
შექმნას უზენაესი სასამართლოსადმი დაქვემდებარებული სასამართლოები;
განსაზღვროს თუ რა არის მეკობრეობა და ღია ზღვაში ჩადენილი მძიმე დანაშაული და დააწესოს სასჯელი ამგვარი ქმედებისათვის, აგრეთვე, საერთაშორისო კანონების დარღვევისათვის;
გამოაცხადოს ომი, გასცეს საკაპერო მოწმობები12 და რეპრესალიები,13 დაადგინოს სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიაზე ნადავლის მოპოვების წესები;
შექმნას და შეინახოს არმიები, ოღონდ ამ მიზნით ფულის გაცემა არ უნდა მოხდეს ორ წელზე მეტი ხნის ვადით;
შექმნას და შეინახოს სამხედრო ფლოტი;
დაადგინოს სახმელეთო და საზღვაო შეიარაღებული ძალების მართვისა და რეგულირების წესები;
მიიღოს ზომები მილიციის14 შეკრებისათვის - კავშირის კანონების აღსრულების, აჯანყებების ჩახშობისა და გარედან თავდასხმების აღკვეთის მიზნით; მიიღოს ზომები მილიციის ორგანიზებისა, შეიარაღებისა და მასში დისციპლინის განსამტკიცებლად, მისი იმ ნაწილის სამართავად, რომელიც გამოიყენება შეერთებული შტატების სამსახურისათვის, ამასთან შტატებს დაუტოვოს უფლება თვითონ დანიშნონ ოფიცრები და იზრუნონ მილიციის საწვრთნელად კონგრესის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
განახორციელოს განსაკუთრებული კანონმდებლობა, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იმ ოლქში (ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ათ კვადრატულ მილს), რომელიც ცალკეული შტატის დათმობითა და კონგრესის მხარდაჭერით შეერთებული შტატების მთავრობის ადგილსამყოფელი გახდება,15 აგრეთვე განახორციელოს ასეთივე მმართველობა ყველა იმ ადგილზე, რომელიც შესაბამისი შტატის საკანონმდებლო ხელისუფლებასთან შეთანხმებით შესყიდული იქნება სიმაგრეების, სამხედრო საწყობების, არსენალების, საზღვაო დოკებისა და სხვა საჭირო ნაგებობების ასაშენებლად და ბოლოს
შექმნას ყველა ისეთი კანონი, რომელიც აუცილებელი და სავალდებულო იქნება ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებების აღსრულებისათვის, აგრეთვე ყველა სხვა სახის უფლებამოსილებებისათვის, რომლებიც ამ კონსტიტუციის მიხედვით გადაეცემა შეერთებული შტატების მთავრობას, მის რომელიმე დეპარტამენტს, ან თანამდებობის პირს.16
ნაწილი 9.
იმ პირთა17 მიგრაცია და შემოყვანა, რომლის დაშვებას საჭიროდ მიიჩნევს ზოგიერთი ამჟამად არსებული შტატი, არ უნდა იქნეს აკრძალული კონგრესის მიერ ათას რვაას რვა წლამდე,18 მაგრამ მათ შემოყვანაზე შეიძლება დაწესდეს საბაჟო ან სხვა სახის გადასახადი, არა უმეტეს ათი დოლარის ოდენობისა თითოეულ პირზე.