Jump to content

Page:US Constitution in Georgian language.pdf/22

From Wikisource
This page has not been proofread.

ნაწილი 2.

კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი.

(რატიფიცირებულია 1865 წლის დეკემბერში)

XIV შესწორება

ნაწილი 1.

ყველა პიროვნება, რომელიც დაბადებულია ან ნატურალიზებულია შეერთებულ შტატებში და იყოფება მისი იურისდიქციის ქვეშ, არის მოქალაქე შეერთებული შტატებისა და იმ შტატისა, რომელშიც ის ცხოვრობს, არც ერთ შტატს არ შეუძლია მიიღოს ან ცხოვრებაში გაატაროს ისეთი კანონი, რომელიც შელახავს შეერთებული შტატების მოქალაქეების პრივილეგირებულ უფლებებსა და ხელშეუხებლობას; არც რომელიმე შტატს აქვს უფლება წაართვას ვინმეს სიცოცხლე, თავისუფლება ან საკუთრება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე, არც ვინმეს შეიძლება ეთქვას უარი, მისი იურისდიქციის ფარგლებში, იყოს კანონის მიერ თანაბრად დაცული.

ნაწილი 2.

წარმომადგენლები უნდა განაწილდნენ ცალკეულ შტატებზე, მათი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად, იგულისხმება თითოეულ შტატში მცხოვრებ ადამიანთა საერთო რაოდენობა, ინდიელთა ჩაუთვლელად, რომლებსაც გადასახადები არ ეკისრებათ. მაგრამ თუკი რომელიმე შტატში რომელიმე არჩევნებზე, იქნება ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტის ამომრჩევლების, წარმომადგენლებისა კონგრესში, შტატის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების, ან მისი საკანონმდებლო დაწესებულების წევრების არჩევნები, მამრობითი სქესის მცხოვრებლებს წაერთმევათ ხმის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოცდაერთი წლისანი და შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან, ან რაიმე გზით შეეზღუდებათ ეს უფლება, გამონაკლისს წარმოადგენს აჯანყებაში მონაწილეობა ან სხვა სახის დანაშაული, ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლობის ნორმა უნდა შემცირდეს პროპორციამდე, რომელიც არსებობს ასეთი მამრობითი სქესის მოქალაქეების რიცხვსა და მოცემული შტატის ოცდაერთ წელს მიღწეული მამრობითი სქესის მოქალაქეთა საერთო რაოდენობას შორის.

ნაწილი 3.

არავინ შეიძლება იყოს სენატორი ან წარმომადგენელი, ან პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ამომრჩეველი, ან ეკავოს შეერთებულ შტატებში ან რომელიმე შტატში რაიმე სამოქალაქო ან სამხედრო თანამდებობა, ვინც დადებს წინასწარ ფიცს, როგორც კონგრესის წევრი, ან როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო თანამდებობის პირი, ან როგორც რომელიმე შტატის საკანონმდებლო დაწესებულების წევრი, ან როგორც რომელიმე შტატის აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ დაიცავს შეერთებული შტატების კონსტიტუციას, და შემდგომში მონაწილეობას მიიღებს აჯანყებაში ან ამბოხში შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ან დახმარებას აღმოუჩენს ან შეიფარებს მის მტრებს, ხოლო კონგრესს შეუძლია თითოეული პალატის წევრთა ხმების ორი მესამედის უპირატესობით გააუქმოს ეს აკრძალვა.