ნაწილი 4.
არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს შეერთებული შტატების კანონით ნებადართული სახელმწიფო ვალების უტყუარობა, იმ ვალების ჩათვლით, რომლებიც აღებულია პენსიებისა და პრემიების გადახდის მიზნით - აჯანყებისა და ამბოხების ჩაქრობის საქმეში სამსახურის საფასურად. მაგრამ არც შეერთებულმა შტატებმა და არც რომელიმე შტატმა არ უნდა აიღოს ან გადაიხადოს რაიმე ვალი შეერთებული შტატების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისა თუ ამბოხების ხელშეწყობის საფასურად, ან რაიმე მოთხოვნის - მონის დაკარგვისა ან გათავისუფლების გამო საპასუხოდ; არამედ ყველა ასეთი ვალი თუ მოთხოვნა უნდა გამოცხადდეს უკანონოდ და ბათილად.
ნაწილი 5.
კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები.
(რატიფიცირებულია 1868 წლის ივლისში)
XV შესწორება
ნაწილი 1.
არ შეიძლება შეერთებული შტატების მოქალაქეს, შეერთებული შტატების ან რომელიმე შტატის ხელისუფლების მიერ, უარი ეთქვას ან შეეზღუდოს ხმის მიცემის უფლება მისი რასის, კანის ფერის ან ადრე მონურ მდგომარეობაში ყოფნის გამო.
ნაწილი 2.
კონგრესი უფლებამოსილია სათანადო კანონმდებლობით ცხოვრებაში გაატაროს ეს მუხლი.
(რატიფიცირებულია 1870 წლის თებერვალში)
XVI შესწორება
კონგრსი უფლებამოსილია, ცალკეულ შტატებზე გაუნაწილებლად და ყოველგვარი აღწერის გარეშე დაიწესოს და აკრიფოს გადასახადები ნებისმიერ შემოსავალზე, რა წყაროებითაც არ უნდა იყოს ის მოპოვებული.
(რატიფიცირებულია 1913 წლის თებერვალში)
XVII შესწორება
შეერთებული შტატების სენატი შედგება ორ-ორი სენატორისაგან თითოეული შტატიდან, რომლებსაც ირჩევს ექვსი წლის ვადით ამ შტატების მოსახლეობა, ყოველ სენატორს აქვს ერთი ხმა. ამომრჩევლებს თითოეულ შტატში უნდა ჰქონდეთ ისეთი საარჩევნო ცენზი, როგორიც მოეთხოვებათ შტატის საკანონმდებლო დაწესებულების ყველაზე მრავალრიცხოვანი განშტოების ამომრჩევლებს. რომელიმე შტატიდან სენატორის ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში, ამ შტატის აღმასრულებელი ხელისუფლება, გათავისუფლებული ადგილის შესავსებად, გამოსცემს ბრძანებას არჩევნების დანიშვნის შესახებ, იმ პირობით, რომ მოცემული შტატის საკანონმდებლო დაწესებულება ნებას დართავს მის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რათა მან განახორციელოს დროებითი დანიშვნები მანამდე, სანამ საკანონმდებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის თანახმად ხალხი თვითონ არ შეავსებს გათავისუფლებულ ადგილებს.