უნდა ჰყავდეს. ხოლო სანამ ასეთი აღრიცხვა მოხდებოდეს, მანამ ნიუ - ჰემპშირის შტატს უფლება აქვს აირჩიოს სამი წარმომადგენელი, მასაჩუზეტს - რვა, როდაილენდსა და პროვიდენს პლანტეიშენს - ერთი, კონეკტიკუტს - ხუთი, ნიუ-იორკს ექვსი. ნიუ-ჯერსის - ოთხი, პენსილვენიას - რვა, დელავეარს - ერთი, მელირენდს ექვსი, ვირჯინიას - ათი, ჩრდილოეთ კეროლაინას - ხუთი, სამხრეთ კეროლაინას ხუთი და ჯორჯიას - სამი.4
რომელიმე შტატიდან წარმომადგენლის ადგილას გათავისუფლების შემთხვევაში, ამ შტატის აღმასრულებელი ხელისუფლება5 გათავისუფლებული ადგილის შესავსებად გამოსცემს ბრძანებას არჩევნების დანიშვნის შესახებ.
წარმომადგენელთა პალატა ირჩევს თავის სპიკერს6 და სხვა მოხელეებს; მხოლოდ ამ პალატას აქვს უფლება დასვას საკითხი იმპიჩმენტის7 შესახებ.
ნაწილი 3.
შეერთებული შტატების სენატი შედგება ორ-ორი სენატორისაგან თითოეული შტატიდან, რომლებსაც ირჩევენ ექვსი წლის ვადით ამ შტატების საკანონმდებლო დაწესებულებები [შეიცვალა მეჩვიდმეტე შესწორებით]; ყოველ სენატორს აქვს ერთი ხმა.
არჩევნების შემდგომ, შეკრებისთანავე, ისინი შეძლებისდაგვარად უნდა დაიყონ სამ თანაბარ ჯგუფად. პირველი ჯგუფის სენატორთა ადგილები უნდა გათავისუფლდეს ორი წლის შემდეგ, მეორე ჯგუფისა - ოთხი წლის შემდეგ, ხოლო მესამე ჯგუფისა - ექვსი წლის შემდეგ, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სენატის წევრთა ერთი მესამედის გადარჩევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.
ხოლო თუ ადგილი გათავისუფლდება სენატორის გადადგომის შედეგად, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, რომელიმე შტატის საკანონმდებლო დაწესებულების არდადეგების დროს, ამ შტატის აღმასრულებელ ხელისუფლებას შეუძლია დროებით დანიშნოს სენატორი საკანონმდებლო დაწესებულების მორიგ სხდომამდე, რომელმაც უნდა შეავსოს გათავისუფლებული ადგილები. [შეიცვალა მეჩვიდმეტე შესწორებით]
არავინ შეიძლება იყოს სენატორი, ვისაც არ მიუღწევია ოცდაათი წლის ასაკისათვის, არ ყოფილა ცხრა წლის მანძილზე შეერთებული შტატების მოქალაქე და ვინც არჩევნების დროისათვის არ იქნება იმ შტატის მკვიდრი, სადაც ის კენჭს იყრის.
სენატის თავმჯდომარეა შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი, მაგრამ ხმის უფლება მას აქვს მხოლოდ ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში.
სენატი ირჩევს სხვა მოხელეებს, აგრეთვე თავმჯდომარეს pro tempore,8 იმ შემთხვევისათვის, როცა ვიცე პრეზიდენტი არ ესწრება სხდომას, ანდა ასრულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას.
მხოლოდ სენატს აქვს უფლება განიხილოს იმპიჩმენტის ყველა შემთხვევა. ამ მიზნით შეკრებისას სენატის წევრები ვალდებულნი არიან დადონ ფიცი ან საზეიმო დაპირება. თუ იმპიჩმენტი წარედგინება შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მაშინ სენატის სხდომას უნდა წარუძღვეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არავინ შეიძლება ცნობილ იქნას დამნაშავედ თუ ამას ხმა არ მისცა დამსწრე წევრთა ორმა მესამედმა.
იმპიჩმენტის შემთხვევაში განაჩენი უნდა შემოიფარგლოს თანამდებობიდან გადაყენებით და დისკვალიფიკაციით, ასეთ პირს უნდა ჩამოერთვას შეერთებულ შტატებში რაიმე საპატიო, საპასუხისმგებლო ან შემოსავლიანი თანამდებობის