აღმართ-აღმართ
აღმართ-აღმართ ავტორი: აკაკი წერეთელი |
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;
მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა,
რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.
ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: “ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!”
და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”
გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”
მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საუკუნოდ დანა გულს!
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?
ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!
1876 წ.