რუსთველის სურათზე
Appearance
რუსთველის სურათზე ავტორი: აკაკი წერეთელი |
სულმნათო! მადლი შენს გამჩენს!
დიდება ერსა შენს მშობელს!
და ძეგლად სამარადისოდ
ნეტარხსენება ამ სოფელს!..
შენ ნიშნად უკვდავებისა
ერს მოვლენიხარ განგებით,
ვით ცისარტყელა წარღვნისა -
უცნაურისა ჰანგებით.
სულმნათო! ჩვენცა გვასწავე
ეს საიდუმლო ჟღერისა,
რომ აგვისრულდეს წადილი,
მგოსანი ვიქმნე ერისა;
რომ ჩემის მღერით აგზნილი
რაყიფი ტარიელობდეს:
ქაჯთა ებრძოდეს ლომ-კაცი,
ნესტანისათვის ხელობდეს!..
მაშინ, ვით ჩვენსა მნათობელს,
სახელი აღგემატება,
და შენი სახე ივერთა
გულს ძეგლად დაეხატება!..
1882 წ.