Jump to content

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია...

From Wikisource
ჩემო თავო, ბედი არ გიწერია...
ავტორი: აკაკი წერეთელი


ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ,ჩემი მტერია!..

მით ჯოჯოხეთს მარად გულით ვატარებ!

თუ მარტო ვარ, თავს მომაკვდავს ვადარებ,

თუ ხალხში ვარ, ძალით ღრუბელს ვადარებ

და მოწყენით ჩემზედ მტერს არ ვახარებ,

რომ არა სთქვან ჩემზედ: “რა ოხერია!”

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!..


აღარა აქვს ბოლო ამ ჩემს სატანჯველს,

არვინ მაძლევს სანუგეშოდ ძმურად ხელს;

ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს,

მისთვის ვწყევლი და ვემდური ამ სოფელს,

რომლისგანაც მე გზები ამერია!..

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!


რაღას ველი, დრო არს განქრეს იმედი;

გინდ მეწვიოს, ვერას მარგებს აწ ბედი!

დამწვარი ვარ ისე, როგორც აბედი!

ახა, ღმერთო, რა უდროოდ დავბერდი:

საფლავისკენ ფეხი გამიშვერია!…

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!


დავუძლურდი, განქრა გიჟი ოცნება…

ნაღვლიანად ჩემს თავზედ მეცინება

და ღმერთს ვვედრებ: “ღმერთო, მომეცი ნება,

რომ მეღირსოს საფლავში დაძინება!..

სჯობს, სულ გაქრეს კაცი, რადგანც მტვერია!”

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!

1871 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები