ჩემი სიმღერა
Appearance
ჩემი სიმღერა ავტორი: აკაკი წერეთელი |
ტიალმა წუთისოფელმა
ნაღველი დამალევია;
არც მომკლა, არც დამარჩინა,
არც სული დამალევია.
გაჩენის დღესა ვიწყევლი,
სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ;
მატყუარ სოფელს ვატყუებ:
რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ!
ცრემლი რომ მაღრჩობს, ვიცინი...
ჩემი პირბადე ის არი!
სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად
მე ჩემი გულის ისარი?!
ჩემი ეკალი სხვებისთვის
იაა, ზამბახ-ვარდები.
თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, -
სისულელეში ვარდები!
სჯობს, ისევ მწარე სოფელმა
ნაღველი დამალევიოს;
არც მომკლას, არც დამარჩინოს,
არც სული დამალევიოს!