Jump to content

ქებათა-ქება

From Wikisource
ქებათა-ქება
ავტორი: აკაკი წერეთელი


სხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით

და ნეტარებას მიმრავალკეცებს

მიდამო მისის მშვენიერებით.


ვიშ ამ საღამოს,

მშვიდსა, საამოს,

ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!..

რა უცნაურად,

მაღლით ციურად

სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,


რომ საიდუმლო,

სასიქადულო,

კაცსაც ბუნების შეატყობინოს

და, სადაც ჭკუა

სცდება და სტყუა,

იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს!


აჰა, ვგრძნობ მეცა,

რომ არის ზეცა,

აღვსილი რაღაც ძალით საგზნობით,

და ეს ქვეყანა,

ყოვლგნით ყველგანა,

თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით!


დახეთ ამ მთვარეს,

სხივმომფინარეს,

თითქოს ტკბილ სევდით ივსებსო გულსა!..

მოკაშკაშენი,

მოთამაშენი,

ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა.


ძალთა დიდება,

შექმნათა ქება,

არს საიდუმლო მათი ვედრება.

ქვეყნით ბუნება

ბანს ეუბნება

და ეს ბანია “ქებათა-ქება”.


ყვავილთა ენა -

არს სუნნელთ ფშვენა,

საგალობელად აღმა კმეული,

წყალთა ჩქრიალი,

ფოთოლთ შრიალი,

ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნეული,


ბუნების მაყრულს,

საქორწილოდ სრულს,

ეკავშირება, ზე ემატება, -

და ახლა მეც ვგრძნობ,

საიდუმლოდ ვცნობ,

რომ არის კაცში ღვთისა ხატება!..


რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა

ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?..

ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება

ძლევამოსილად გარდამიცვალა?! -


შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის

კავშირო და თან შუამავალო!

შენ, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს,

მზა ვარ, სიცოცხლე მთლად ვანაცვალო!..


შენ, ვისაც უგნურთ უმეტესობა

ვერ გიგრძნობს, ვერც გცნობს, მხოლოდ ცილს გწამებს,

და შენ მაგიერ შენის სახელით

ის აღიარებს პირუტყვულ წამებს!


შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,

გამოუთქმელო კაცთა ენითა...

შენგან მგოსანი ფრთებშესხმული ვარ

და მონავარდე აღმაფრენითა,


რომ მეც, გედივით, სიკვდილის წინეთ

უცნაურ ჰანგზე ჩავიხმატკბილო...

გცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ

და ვსთქვა გალობა საშვილიშვილო.


მე მას ვუგალობ, ვისაც განგებამ

მშვენიერება უსხივცისკარა!...

ვინც ვარდს ელფერი, იას სინაზე

და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა!..


ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი

და მომხიბლავი მძლავრი ოცნება...

სიყვარული რომ ტახტად უდგია,

ეგვირგვინება პატიოსნება!..


როცა ჭაბუკი გამოუცდელი

მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,

ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,

იმაში შენათხზ-შეერთებულად;


და, საამქვეყნოდ გულგრილ მოხუცი,

დღესაც თაყვანს-ვცემ, როგორც პირველად,

თითქო ჭაბუკი ვიყო მე ახლა

და ვყოფილიყო მოხუცი ძველად!..


სხვებმა სვან ღვინო!.. მე უღვინოდაც

მთვრალი ვარ მეტის სიხარულითა!..

ემატა სოფელს მშვენიერება

ჩემს თვალში მისის სიყვარულითა!..


1882-1900 წწ.

აკაკი წერეთლის ლექსები