Jump to content

გაუბედავი სიყვარული

From Wikisource
გაუბედავი სიყვარული
ავტორი: აკაკი წერეთელი


ათი წელი,

მწარედ მწველი,

გულს მიდაგავს ტრფიალება!

და უბრალოდ

სავალალოდ

ჩემს გულშივე იმალება!


მიძგერს გული

აგზნებული,

მაგრამ გონი მიბამს ენას.

მისი სხივით

სანთელივით

ვდნები და თანც ვმადლობ ზენას!..


თუ ისიც მცნობს

და ისიც გრძნობს,

ჩემებრ იწვის უხმოდ ერთი...

მაშ, ოხ, ღმერთო,

რად წაგვერთო

ჩვენ კავშირი შემაერთი?!


ვიცი, გზნობის,

ნამდვილ გრძნობის

ნიშანია მდუმარება,

ცხადად ტკბილი

რამ ღიმილი,

ჩუმად ცრემლი, მდუღარება.


მაგრამ მაინც,

მეტრფის მე ვინც,

მსურს, რომ ერთხელ გამაგონოს:

“შენ ჩემი ხარ!

გულს მიზიხარ!”

მითხრას ეშხით... დამაღონოს!


ორთავ ვიცით,

ფიცით მტკიცით

გრძნობა ჩვენი შეგვიტყვია!

თუმც-კი ვხედავთ,

თქმას ვერ ვბედავთ,

გულზე გვაწევს, როგორც ტყვია!


ათი წელი,

მეტად მწველი,

გულში გვაქვს ეს ნეტარება!

ვუგდებთ რა ყურს,

ორივეს გვსურს

და ვერ გვითქვამს აღსარება!


1873 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები