ვაჟა-ფშაველას
Appearance
ვაჟა-ფშაველას ავტორი: აკაკი წერეთელი |
ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!
ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
შენ დამიხატე ის მხარე
ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.
და რაც არ გადმოგიცია
მის შვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.
ვიცი, რომ ფშავლის სოფელი
წმინდაა, მაღალ მთისაო,
ენა - მეტყველი სიმართლის,
გულ-მკერდი - ფოლადისაო.
წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,
სადღეისოდ სჭრის კალამი…
გადაეც ბარის მგოსნისგან
მთიულებს ძმური სალამი.
1913 წ.